მორიგი სკანდალი აზერბაიჯანში: ბრაკონიერების გიდი სამინისტროს თანამშრომელი იყო?
ორგანიზაცია Eco-front-მა, რომელიც აზერბაიჯანში ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძვის, კახის რაიონში, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციის სოციალურ ქსელებში განთავსების შემდეგ, სახელმწიფო უწყებები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ამტკიცებენ, რომ უკანონო ნადირობის დროს, ბრაკონიერების გიდი, ეკოლოგიის სამინისტროს თანამშრომელი იყო.
2021 წლის მარტში, აზერბაიჯანში, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა კახის რაიონში არსებული ნაკრძალის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილ ფრინველებზე არაბი ტურისტების ნადირობა გახდა. უკანონო ნადირობის ფაქტი, ამჯერადაც აზერბაიჯანის აღნიშნულ რაიონში გამოვლინდა.
18 აპრილს, Eco-front-ის ხელმძღვანელმა, ჯავიდ გარამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ასეთი ინფორმაცია განათავსა: „ექვსი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დავაკავეთ, რომელიც უკანონო ნადირობით იყო დაკავებული. პოლიციასა და ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შევატყობინეთ. კახის რაიონი. სოფელი სარიბაში“.
ცოტა ხნის შემდეგ, მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ბრაკონიერები სამხედრო მოსამსახურეები აღმოჩნდნენ და დასძინა: „მათი გიდი კი ეკოლოგიის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის თანამშრომელი, სოფელ სარიბაშის მცხოვრები, ვალეხ გასიმოვი აღმოჩნდა“.
- მოსაზრება: რა აზიანებს ეკოლოგიას ცხინვალში
- აფხაზეთში პანდემიის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლის თავისებურებები
ჯავიდ გარამ გამოაქვეყნა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვების მოჭრილი თავების ამსახველი ფოტოსურათი, რომლებიც სხეულებისგან განცალკევებით იდო.
აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის (Capra cylindricornis) საცხოვრებელი არეალი რუსეთის აღმოსავლეთი რაიონები, საქართველო და აზერბაიჯანია. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვების პოპულაცია XIX საუკუნიდან მოყოლებული საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზი უკონტროლო ნადირობაა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წითელი წიგნის თანახმად, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 10 ათასს შეადგენს და შეფასებულია, როგორც „განადგურების პირას მყოფი“.
ორგანიზაცია Eco-front-ის ინფორმაციის თანახმად, როგორც კი ეკოაქტივისტები შევიდნენ სოფელში, ბრაკონიერებმა მოკლული ჯიხვების თავები გადამალეს. „ოფიცრის ღირსება დაიფიცეს, ითხოვეს იმ ვიდეოს წაშლა, სადაც მათი სახეები ნათლად ჩანდა, შემდეგ კი მტკიცება დაიწყეს, რომ არ ნადირობდნენ და თითქოს, შეიარაღებულები მთებში წავიდნენ დასასვენებლად. კარგი ზღაპარია“, – დაწერა ჯავიდ გარამ.
„ადამიანი ეკოლოგიის სამინისტროს თანამშრომელია და, ამავდროულად, საერთო ჯამში, 1000 მანათს (დაახლოებით, 500 ევროს) იღებს გარემოს დაცვის პროექტიდან. ცხოვრობს შორეულ მთის სოფელში და ორ ოფიციალურ ხელფასს იღებს. მისი თვალი ვერ გაძღა ვერანაირად. გიდობით შოულობს ფულს იქ, სადაც გარემომცველი ბუნების დაცვა ევალება. კიდევ რა უნდა მიეცათ ამ ადამიანისთვის, რომ ეკმარა? ახლა ორივე სამსახურს დაკარგავს. ხელფასს ბრაკონიერები გადაუხდიან“, – დაამატა აქტივისტმა.
19 აპრილს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული ეკოლოგიის უსაფრთხოების სამსახური ოფიციალური განცხადებით გამოვიდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, კახის რაიონის სოფელ სარიბაშის მახლობლად უკანონო ნადირობის ფაქტზე, ექვსი პირი დააკავეს.
ჰიქმეთ ალიზადემ აღნიშნა, რომ დაკავებულები შეიარაღებულები იყვნენ და სერიოზული ეჭვები გააჩინეს მათ მიერ აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვებზე ნადირობის თაობაზე. სამსახურმა პოლიციის რეგიონულ განყოფილებას მიმართა, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა ბრაკონიერების იარაღი და უკანონო ნადირობის ფაქტობრივი მტკიცებულება: „ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება“.