უკრაინულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა გადაწყვიტა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა
უკრაინულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის დასაკითხად გადაცემა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.
საქმე ეხება 2017 წელს უკრაინაში მომხდარ ინციდენტს, როდესაც უკრაინის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასამართლომ დაზარალებულად ცნო.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენჯერმე არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო სააკაშვილის საქართველოში დაკავების შემდეგ მოპყრობის ფაქტებს განიხილავდა, თუმცა, სინამდვილეში, უკრაინის სასამართლო განიხილავს უკრაინაშივე აღძრულ საქმეს.
„უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარეობს გამოძიება უკრაინაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. დეტალები ბოლომდე ზუსტად არ ვიცი და ამიტომ მის განხილვაში ვერ შევალ.” – ამბობს ხაჭაპურიძე.
როგორც სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ დარბაზში გამოაცხადა და განჩინება 2 დღეში გაეგზავნება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, ისინი კი განჩინებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნიან.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა:
“იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო სააკაშვილს უკრაინაში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის ნებართვას მისცემს ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ ამას ვერ შეძლებს.”
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● უკრაინული მიშა
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 6 ოქტომბერს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თემურ ჯანაშია აცხადებდა, რომ “მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში.” ხოლო ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ “სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს.”
კლინიკაში სააკაშვილი მოინახულა მისმა უცხოელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომაც. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული.
უკვე 1 წელია, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ იშიმშილა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.