მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საქართველო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა განცხადება.
“გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომ მას დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 7 მაისს დანიშნა.
ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 27 აგვისტოს გაავრცელა.
სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ და ნასამართლევ ადამიანს საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.