ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ განაცხადა, რომ ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა და თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი.
“საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.
“ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღმდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.
უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.
ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID-ი აღარ არის – რათა ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ.” – განაცხადა გალერიმ.