აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ. მისივე განმარტებით, მათ გამოაცხადეს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და “აუცილებლად უნდა ელოდოთ”, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რა თქვა მეთიუ მილერმა
“საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა.
ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე.
სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. აქ შევჩერდები.” – თქვა მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკას აცხადებს. თუმცა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.
“ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესში, საკუთარ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ.” – წერს სახელმწიფო მდივანი.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო აშშ-სგან რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკის გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
“ქართული ოცნების” განცხადების მიხედვით, ენტონი ბლინკენის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც “ცინიკურია” საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე.