აშშ-ის სენატი კანონპროექტით ბლინკენს ავალებს, საქართველოში "მავნებელ აქტორთა" სიები წარადგინოს
სენატი ბლინკენს მიმართავს
ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ავალდებულებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღეში, კონგრესს “მავნებელ აქტორთა” სიები წარუდგინოს.
რა ანგარიშები უნდა წარედგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს:
- საქართველოს შიგნით და გარეთ დეზინფორმაციის მცდელობების შეფასება, რომელიც ევროკავშირთან და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობას უთხრის ძირს.
- იმ წყაროების სია, რომლებმაც ზემოხსენებულ დეზინფორმაციაში აქტიური როლი ითამაშეს, და ასევე მთავრობის მხრიდან აღნიშნულ დეზინფორმაციასთან გამკლავების მცდელობების სია, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ზღუდავს.
- შეფასება იმის, თუ რამდენად ახერხებენ მავნებლური აქტორები ქართული პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლას, რათა სწორი მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები დაიცვან და მისდიონ.
- სავარაუდო პოლიტიკის გატარებაზე რჩევები, რათა დემოკრატია და კანონის უზენაესობა დაცული იყოს, ხოლო მავნებლური აქტორები – დასჯილი.
- საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და დათრგუნვის მცდელობების ზოგადი შეფასება, ხოლო სია იმათი, ვინც ყოველივე ამაზეა პასუხისმგებელი.
- საბოლოოდ, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის, ასევე მათი საინფორმაციო ოპერაციების შეფასება.
ამას გარდა, კანონპროექტი, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სულ მცირე, $50 მილიონის დახმარებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, 203-ე პუნქტის (a) ქვეპუნქტში მოთხოვნილი ანგარიშები წარდგენილი იქნება არასაიდუმლო ფორმით, თუმცა დამატებით ექნება გასაიდუმლოებული დანართი, სადაც სენსიტიური ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკას აცხადებს. თუმცა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო აშშ-სგან რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკის გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
“ქართული ოცნების” განცხადების მიხედვით, ენტონი ბლინკენის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც “ცინიკურია” საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე.