"ახალ წელს ახალ სახლში უნდა შევხვედროდით" - კიდევ შვიდი უკანონო სახლი დაანგრია მერიამ სამგორში
გამთენიისას, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც აქ აშენებული რამდენიმე სახლის დემონტაჟი დაიწყო.
მერია ამბობს, რომ ეს უკანონოდ მითვისებული ტერიტორიაა და სახლებიც უკანონოდ აშენდა.
სწორედ დღეს ამოიწურა ის ოთხდღიანი ვადა, რომელიც თბილისის მერიამ სახლების მფლობელებს მათი დემონტაჟისთვის მისცა.
ამ ტერიტორიაზე სახლებს ძირითადად დევნილები იშენებდნენ.
სულ შვიდი სახლი დაანგრიეს – ხუთი დაუსრულებელი, ორი – დასრულებული.
“სოხუმში სახლი გავაკეთე ვეებერთელა. იმ სახლში შესვლა არ დამცალდა. პატარა ბავშვები მყავდა. გამოგვყარეს აქეთ. ახლა ესეც”, – ამბობს თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
ადამიანები, რომლებიც სახლების გარეშე დარჩნენ, აცხადებენ, რომ ისინი ამ სახლებში ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
“დილის 7 საათი იქნებოდა. მოვიდნენ და დაანგრიეს. დაცალეთ სახლიო. რისი გამოტანაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. არც გვაცალეს გამოტანა. ბულდოზერები მოიტანეს”, – თქვა “რადიო თავისუფლებასთან” ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
____________________________
____________________________
მერია აგრძელებს უკანონო მშენებლობების დემონტაჟს თბილისში, სამგორის რაიონში. პირველად მერიის მძიმე ტექნიკა “აფრიკის დასახლებაში” 15 დეკემბერს გამოჩნდა და სახლების დემონტაჟი დიდი ხმაურისა და აქციების ფონზე დაიწყო.
მაშინ პოლიციასთან დაპირისპირებისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს, მოგვიანებით ყველა მათგანი გაათავისუფლეს, ერთ დაკავებულს კი 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობდა, რომ სახლის პატრონებს მიწები უკანონოდ აქვთ მითვისებული და მათ სხვა საცხოვრებელი სახლებიც აქვთ.