მარნეულში კარანტინი გაუქმდა
მარნეული, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო 23 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული, გაიხსნა. ქალაქის შესასვლელთან მოწყობილი ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამ დროისთვის უკვე აღებულია. დღეიდან მარნეულში შესვლა და იქედან გასვლა ყველასთვის ნებადართულია.
18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 695 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 425 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
თუმცა, ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა და კომენდანტის საათი – საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
ჯერჯერობით არ მუშაობს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მარნეულში გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით და ტაქსით შეიძლება.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 15 აპრილს ჩაიკეტა.
ბათუმი და ქუთაისი 5 მაისს, თბილისი 11 მაისს, ხოლო რუსთავი 14 მაისს გაიხსნა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.