მაგნიტსკის აქტის ავტორი: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის უკან ვლადიმირ პუტინი დგას
მაგნიტსკის აქტის ავტორი
ბრიტანელი ფინანსისტი და მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება.
37 წლის სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი და ადვოკატი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. მაგნიტსკი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავების გამო 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში მოკლეს.
მაგნიტსკი აქტი2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.
ხოლო 2016 წლის განახლებული ვერსიის საფუძველზე, მაგნიტსკის აქტის მეშვეობით აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს – გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.
“ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ ეს ადამიანი – სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს და არ არის საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო.” – განაცხადა ბროუდერმა.
მისი თქმით, უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ სააკაშვილის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა. როგორც ბროუდერი აღნიშნავს, ციხის ექიმებიც “ალბათ ჩართულები” არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს:
“რაც უფრო მეტია ასეთი ინფორმაცია, მეტად სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით “სააკაშვილის სია”, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტი ქმედებაა. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.” – ამბობს მაგნიტს აქტის ავტორი.
ბროუდერი ხაზს უსვამს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დგას, რომელსაც სააკაშვილზე შურისძიება სურს, რადგან საქართველოს ექსპრეზიდენტი 2008 წელს წინ აღუდგა პუტინს, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში.
“მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომლებსაც პუტინი მოსწონთ და ახლა აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმირ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს, არის მესიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, აი რა დაგემართება შენც მომავალში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ.” – განაცხადა ბროუდერმა.
● ორი აქცია: მშვიდობის ხიდის გარდა, სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბროუდერმა 24 დეკემბერს ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და “ის ჩვენ თვალწინ კვდება.” მისი თქმით, თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას “მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს”.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.
ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ასევე, ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.
მიმდინარე წლის 5 იანვარს, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა The Washington Post-ში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ბაიდენს და ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, წამოაყენონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა.
მოსაზრებაში, რომლის სათაურია “მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას”, მაკფოლი ასევე წერს, რომ სანამ მსოფლიო უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ბარბაროსულ ომზე სამართლიანადაა ფოკუსირებული, რუსეთის ლიდერი მსოფლიოს სხვა ადგილებში საკუთარი დესტაბილიზაციის გამომწვევ, ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგს აწინაურებს.
მანამდე, 20 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მის ამ მოწოდებას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც შეუერთდა.
ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ “თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია”.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნის თანახმად, ის ციხეში მოწამლეს და მიზანი მისი სიკვდილი იყო, თუმცა გადარჩა, “ახლა კი სათანადო მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი გარდაუვალია.” სწორედ ამ წერილის საპასუხოდ გაავრცელა დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა.
24 დეკემბერს სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსაც მისწერა წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილი, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
#SaveMisha – ამ ლოზუნგით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა და ყოფილმა ადვოკატმა და წამყვანმა მარკ ფეიგინმა საზოგადოებას მოუწოდეს, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაემართათ.
ამავე ეთერში ოლექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში” და მოუწოდა მაყურებლებს, გლობალურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან “არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს ასე ექცეოდნენ”.
აქციები ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საქართველოში კი მშვიდობის ხიდის გარდა, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართა.
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● მაგნიტსკის აქტის ავტორი: სააკაშვილი ჩვენ თვალწინ კვდება – ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
29 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დაკითხეს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა “ვივამედში” გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.
“ეს მეტალები ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებენ და მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო. ვვარაუდობ, რომ ამ ტოქსიკური აგენტების დოზა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი კონცენტრაცია ნორმაზე მაღლა აღმოჩნდა. ანუ მას ტოქსიკური კონცენტრაცია ჰქონდა”. – ამბობს სმიტი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი, თამარ აბაშიძეც დაკითხეს. ექიმის თქმით, ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.