ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში მცხოვრებ 4 ადამიანს covid-19 დაუდასტურდა. ისინი იმ მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ, 9 აპრილს დაუდასტურდა. კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ლენტეხში კარანტინი გამოცხადდა.
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 51 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
მელეში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ახლა თბილისში გადმოჰყავთ.
ამავე სოფელში 50-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კარანტინის ფარგლებში, დღეიდან ლენტეხში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ადგილობრივ მოსახლეობას გარეთ გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის – საკვების და წამლების შესაძენად, ან ექიმთან წასასვლელად შეეძლება.
მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, მოსახლეობას აქვს უფლება, რომ სპეციალური რეჟიმის დაცვით საგაზაფხულო სამუშაოები აწარმოოს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.