ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
დიდიმ სტურუა სტუდენტია. ის საფრანგეთში სწავლობს და პარიზიდან საქართველოში 17 მარტს ჩამოვიდა. აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს.
23 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა და ამის შესახებ ფეისბუკში თვითონვე დაწერა. ახლა ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაშია. TV პირველთან ინტერვიუში ის კორონაზე და საკუთარ ისტორიაზე ჰყვება:
საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვედი. გადამიყვანეს კარანტინში. ერთი კვირის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ მქონდა. მეორე დღეს გემოს და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე. არ მივაქციე ყურადღება, მეგონა, რომ გავცივდი.
1 კვირის შემდეგ სიცხე მომცა და დილით ყელი ამტკივდა. დავრეკე სასწრაფოში და გადმომიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში. გამიკეთეს ანალიზი და 4-5 საათში მოვიდა პასუხი. დადასტურდა, რომ კორონავირუსი მქონდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არავისთან მქონია ახლო კონტაქტი. კარანტინში გადაყვანის დროს 50-კაციან ავტობუსში სულ შვიდნი ვიჯექით, რომ დისტანცია დაცული ყოფილიყო. ძალიან მომეწონა ეს წესები. კარანტინში სასტუმროში ვიყავი და იქაც არავისთან მქონია კონტაქტი. საჭმელს კართან, გარეთ გვიტოვებდნენ.
როგორც კი კორონავირუსი დამიდასტურდა, ჩემს მენეჯერსაც მივწერე და უნივერსიტეტსაც ოფიციალურ ელფოსტაზე. სიმართლე გითხრათ, ფეისბუკშიც სტატუსიც იმიტომ დავწერე, რომ ჯგუფელებს გაეგოთ, ვინმე რომ არ გამომრჩენოდა. საფრანგეთში ძალიან რთულია ტესტის გაკეთება, თითქმის არავის უკეთებენ. ძალიან ცუდად თუ არ ხარ, ისე საავადმყოფოში არ წაგიყვანენ. ვესაუბრე ჩემს ჯგუფელებს, ზოგს ახველებს და მაღალი სიცხეც აქვს, მაგრამ ტესტს არ უკეთებენ. ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ ისინი გამეფრთხილებინა. ახლა ვაპირებ, რომ ცნობა ავიღო და გავუგზავნო. იქნებ ამ ცნობის ნახვის შემდეგ მაინც გაუკეთონ ტესტი.
როგორც მითხრეს, საშუალო სიმძიმის პაციენტიც არა ვარ. ახლა სიცხეც აღარ მაქვს. ყელიც აღარ მტკივა. ყნოსვის და გემოს შეგრძნება მაქვს დაკარგული, როგორც ჩვეულებრივი გრიპის და გაციების დროს იცის. უბრალოდ, ამდენ ხანს არასოდეს გამგრძელებია. მე-8 თუ მე-9 დღეა უკვე ასე ვარ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი. ხველა და სუნთქვის უკმარისობა არ მქონია. ფილტვებზეც ორჯერ გადამიღეს და არაფერია საეჭვო.
მედიკამენტოზური მკურნალობა მიტარდება. 2 წამალს ვსვამ. რა წამლებია, არ ვიცი და წვეთოვანი გადასხმა მიკეთდება. ანტიბიოტიკსაც მიკეთებენ.
აქ ძალიან კარგი პირობებია. როგორც სასტუმროში იყო, ისეა. თან ონლაინ ლექციები მიტარდება. დავალებები მაქვს გასაკეთებელი და ამასობაში დროც მალე გადის.
არ ვიცი, საიდან შეიძლება დავინფიცირებულიყავი. საფრანგეთში თავიდან ამ საკითხს არასერიოზულად შეხედეს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთშიც ვიცავდი თავს, ნიღაბიც მქონდა, ხელთათმანებიც და სადეზინფექციო საშუალებებიც. ვერ გეტყვით, საიდან დავინფიცირდი. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და სამზარეულო საერთო იყო. შეიძლება იქედან, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.
მშობლებს ტელეფონით ყოველდღე ვესაუბრები. როცა ფეისბუკში სტატუსი დავწერე, მეგონა, რომ იმ სტატუსში გამოჩნდებოდა ჩემი დამოკიდებულება ამ დაავადების მიმართ – შიში არ მქონია. მერე მივხვდი, რომ ვიჩქარე. ახლობლები რომ მირეკავდენენ, ვატყობდი, რომ ზოგს ეტირებოდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ დავუბრუნდი ჩვეულებრივ განწყობას.
პანიკა და ზედმეტი შიში არაფერში დაგვეხმარება. უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რაც არის, ზედმეტი ემოციის და პანიკის გარეშე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.