ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები მოეწყობა
ლენტეხში კორონავირუსით 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაინფიცირდა. ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, ლენტეხისა და ცაგერის შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოეწყობა, მოსახლეობას კი კორონავირუსზე თერმოსკრინინგის მეშვეობით შეამოწმებენ.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ იმყოფებოდა. ახლა ლენტეხში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს. ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების წრეს ადგენენ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განმარტებით, ეპიდემიოლოგები 2 დღეში ყველა იმ ადამიანს გამოავლენენ, ვისც კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
“თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკს. სავარაუდოდ 2 დღეში ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტირება,“ – აცხადებს ჯაფარიძე.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.