კორონავირუსით მეცხრე გარდაცვალება და 104 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში კორონავირუსი COVID-19-ით რიგითმეცხრე გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა, დარეგისტრირებულია დაინფიცირების 104 ახალი შემთხვევა.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 926 ადამიანს შეადგენს. მათ შორის 101გამოჯანმრთელებულია და საავადმყოფოდან გაწერილი.
მეცხრე გარდაცვლილი 71 წლის იყო. როგორც კორონავირუსის წინა აზერბაიჯანელ მსხვერპლებს, მასაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა. ასევე, მას ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.
აზერბაიჯანში შემოღებულია გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი (მაგრამ, არა -საგანგებო მდგომარეობა).
დაკეტილია საწარმოების, ორგანიზაციებისა და კომერციული ობიექტების უმრავლესობა; დაკეტილია მეტრო, პარკები, სკვერები, გასართობი დაწესებულებები.
5 აპრილიდან დაწესებულია მგზავრების გადაადგილების შეზღუდვა – ქუჩაში გასასვლელად, მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს ან სამსახურიდან ცნობა, ან ხელისუფლებას უნდა გაუგზავნოს სპეციალური SMS – მიზნის მითითებით, თუ რისთვის გადის სახლიდან.