ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სულ გამოვლენილია 12 272 შემთხვევა, აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 92 პაციენტი, სამედიცინო კონტროლის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება. კარანტინში 5 590 ადამიანია მოთავსებული.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მზარდი სტატისტიკის ფონზე მთავრობა აპირებს გაამკაცროს კონტროლი თბილისში პირბადეების გამოყენებაზე.
„პირბადეების გამოყენების მიმართულებით ჩვენ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღეს დღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა ტიკარძემ.
„დიდ იმედს ვიტოვებთ რომ დედაქალაქის მოსახლეობა ჩვენ დაგვეხმარება იმაში რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პოლიტიკოსებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების ღია სივრცეებში და პირბადეების გამოყენებით გამართვისკენ მოუწოდა.
„ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.