ხობის ეპარქია: მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა
გაზიარება
გაზიარება
ფოთისა და ხობის ეპარქია ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.
მეუფე გრიგოლი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა, რადგან ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.
“ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა “გვიხსნას” ამ შეთქმულებისგან?!
მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას”, – წერს მეუფე გრიგოლი.
სასულიერო პირი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება “ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!”
მეუფე გრიგოლი გახდა მესამე წევრი წმინდა სინოდიდან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა.
პირველი, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე იყო, ხოლო შემდეგ, პეტიციას ხელი მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც მოაწერა.
როგორც მელქისედეკი ამბობს, “პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს”
მეუფემ აღნიშნა ისიც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 კვირის წინ მიმართა განცხადებით, მისცენ ექსპრეზიდენტის მონახულების უფლება, თუმცა ის ჯერაც ელოდება დასტურს.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით კი, მოქმედმა ხელისუფალმა არ უნდა დააკავოს წინა ხელისუფალი, რადგან ქვეყანა ასე უკეთესად განვითარდება.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდანვე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღეა, ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ შიმშილობის გამო სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, – მას გადაადგილება უჭირს.
ადვოკატების თქმით, სააკაშვილი ითხოვს, რომ მის პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.
დღეს, 13 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფა მოითხოვა.