კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა ნამოხვანის საკითხზე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნამოხვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„მე დიალოგის გახსნისკენ მოვუწოდებ, პლატფორმის გახსნისკენ, რომ მხარეები ჩაერთონ. როცა საქმე ეხება ასეთ საკითხებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სერიოზულად შეფასება. ასევე, მივესალმებით ენერგოთანამეგობრობის მდივნის ჩართვას პროცესში და ეს, ჩემი აზრით, ორივე მხრიდან პოზიტიურად იქნება განხილული. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესის ინკლუზიურობას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იპოვოს ბალანსი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ინტერესებსა და ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს შორის.
„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს ხელისუფლებამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცალსახად მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და მოსახლეობის წუხილის გახმიანების უფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ მათი მოსმენა და გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებამ უნდა დააბალანსოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის მნიშვნელობა და [მოსახლეობის] წუხილი, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიისთვის და საქართველოს მოქალაქეებმა დენში მეტი არ გადაიხადონ. ეს ბალანსი რთულია, მაგრამ გამოსავალი არის ადგილობრივი საზოგადოების წუხილის მოსმენა და ენერგოპროექტებში მათი დასაწყისიდანვე ჩართვა”, – აცხადებს ელჩი.
_______________________________
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● “მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას” – თბილისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
______________________________
დღეს, 24 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ჯერ „მშრალი ხიდისკენ“ გადაინაცვლეს, სადაც გზა გადაკეტეს, შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, ისინი რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ და მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ ისინი კარვებში ღამის გათენებას აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უკან არ დაიხევენ.
“რიონის მცველები” ითხოვენ:
● შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
● გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
● გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
● თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
● დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.