გურჯაანელი კაკო პაპასგან ნაყიდი ტიტები ექიმებს გაუგზავნეს
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილისგან ნაყიდი ტიტები თბილისის ყველა იმ საავადმყოფოს ექიმებს გაუგზავნეს, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
წითელი ტიტების თაიგული წარწერებით -“გვეამაყებით, მადლობა!,” – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის, რესპუბლიკური საავადმყოფოს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს აჩუქეს.
მანამდე 63 წლის კაკო ჯეირანაშვილს, რომელსაც საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ტიტები უჭკნებოდა, 5000 ლარი შეუგროვეს.
4 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
კაკო ჯეირანაშვილისგან ნაყიდი ტიტების ექიმებისთვის გაგზავნის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო ახალაიაა. JAMnews-თან საუბარში სოფო ამბობს, რომ მეგობრების ჯგუფმა, სადაც 20 თანამოაზრეა გაერთიანებული, ტიტების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კაკო ჯეირანაშვილის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაცია გავრცელდა. მათ ფული შეაგროვეს და ქართველი ექიმებისთვის 1500 ტიტა იყიდეს.
“ჩვენი მიზანი იყო, რომ დავხმარებოდით ადამიანს, ვინც იშრომა და გაახარა ყვავილები. ვერაფრით დავუშვებდით, რომ იმედი დაეკარგა. ამავე დროს, დღეს ჩვენს ექიმებს ძალიან ბევრი ენერგია სჭირდებათ, ისინი ზრუნავენ ჩვენზე და ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი ნაბიჯი იქნებოდა უბრალო მოქალაქეებისგან,” – ამბობს JAMnews-თან საუბარში სოფო.
კაკო ჯეირანაშვილის შესახებ სტატია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იმის გამო, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბაზრობები დაიხურა, გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრებ 63 წლის კაკო ჯეირანაშვილს ეზოში 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა უჭკნებოდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კაკოს დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა. მარიამ ნატროშვილმა ფეისბუკში კამპანია წამოიწყო – “იყიდე წითელი ტიტა”. დახმარების მსურველებმა კოლაგელ მეყვავილეს 5000 ლარი შეუგროვეს.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.