საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, არასრულ სამ თვეში, 2024 წლის ნოემბრიდან დღემდე, დემონსტრანტებისთვის გამოწერილმა ჯარიმების ოდენობამ ორ მილიონ ლარს მიაღწია.
თბილისში, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიცია სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით აჯარიმებს. ჯარიმის ოდენობა ხუთი ათასი ლარია.
ეს თანხა ათჯერ მეტია იმაზე, რაც აქციებამდე იყო. საპროტესტო მუხტის გაღვივებისთანავე, “ქართულმა ოცნებამ” ერთდროულად რამდენიმე კანონში შიეტანა ცვლილებები და მთელი რიგი დარღვევებისთვის ჯარიმების თანხა მნიშვნელოვნად გაზარდა.
საია ხაზს უსვამს, რომ დემონსტრანტების დაჯარიმებისას პოლიცია სახის ამომცნობ კამერებს იყენებს და ეს ერთადერთი მტკიცებულებაა. აქციების დაწყების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათეულობით მაღალი გარჩევადობის კამერაც დაამონტაჟა.
„სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს“, – აცხადებს საია.
უწყვეტი, მასშტაბური, პროევროპული აქციები საქართველოს დედქალაქ თბილისსა და რეგიონებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო. იმ დღეს ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარალებებს გაწევრების შესახებ.
ამ განცხადებას მოჰყვა პროტესტი ქუჩაში, დაუმორჩილებლობის კერები სხვადასხვა უწყებაში, პერიოდული გაფიცვები და წინააღმდეგობა რიგ საჯარო უწყებებში.
აქციის პირველ დღეებში, პოლიცია სასტიკად არბევდა ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს. ჯამში, ადმინისტრაციული წესით 500-მდე ადამიანი დააკავეს, 50 ადამიანს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. დაკავებულთა შორისაა ჟურნალისტი ქალი, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” რედაქტორი მზია ამაღლობელი. დაკავებული არიან ცნობილი მსახიობი, იუმორისტი და სხვა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. მათი სასამართლო პროცესები ახლა მიმდინარეობს.