საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთშიც ჩავა.
პრემიერის თქმით, პრეზიდენტ ალიევს დიდ პატივს სცემს და მათ ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ:
„ნდობა გვაქვს რაც მთავარია, და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას“.
ღარიბაშვილის განმარტებით, მისი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში სასარგებლო წვლილი საქართველომაც შეიტანოს.
პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით წარმატებული პრეცედენტის შეიქმნა, როცა საქართველომ მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
“ეს ფაქტი ფართოდ აღიარებული და მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მხრიდან. ყველას მხრიდან ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოწონება და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული პირად საუბრებში, თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2021 წლის 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით სახლებში დაბრუნდნენ.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ განცხადებაში.