ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, პრემია ოსკარის მფლობელს, ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო სექსუალურ დანაშაულებში.
საერთო ჯამში, სასამართლომ 80 ქალის ჩვენება მოისმინა, რომლებმაც ვაინშტაინი სექსუალური ხასიათის დანაშაულში დაადანაშაულეს. ის დამნაშავედ ცნეს ორ ეპიზოდში – იძულებით სექსსა და გაუპატიურებაში.
ვაინშტაინის ვარდნა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობმა The Newyorker-სა და The New York Timeს აცნობეს იმის შესახებ, რომ ის მათ სექსს აიძულებდა, აშანტაჟებდა პროფესიული კარიერით ან აუპატიურებდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.
ამ პუბლიკაციების შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ყველა პოსტი, მის მიერვე შექმნილ კომპანია Miramax-ში, ამასთან, მას ცოლიც დაშორდა.
•#Metoo-ს აქგივისტები – ათწლეულის მთავარ ადამიანთა შორის
•თურქეთი – სექსუალური ძალადობა ბავშვებზე
ჰარვი ვაინშტაინის დაცემის ისტორია – ამავდროულად, მოძრაობა #Metoo-ს აღმასვლის ისტორიაა. ეს მოძრაობა 2006 წელს, აქტივისტმა და მწერალმა, ტარანა ბურკმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად შექმნა. გლობალური ცნობადობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს, მსახიობმა ალისა მილანომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ქალებს მოუწოდა, მოეთხროთ მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და ასეთი ისტორიებისთვის ჰეშთეგი #Metoo დაერთოთ.