პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად კენჭს ბათუმში იყრის.
“მე ვხედავ ბათუმში რესურსს, ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ჩვენ შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გაზრდა. გარდა ამისა, ბევრი მოგონება მაკავშირებს ბათუმთან,” – აცხადებს ხვიჩია.
“გირჩიდან” კენჭს იყრის პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. ის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება. მის კანდიდატურას მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.
“გირჩი” აპირებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელოს რუსთავში, ხაშურში, ფოთში და თელავსა და ლაგოდეხში.
“გირჩმა” ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე წარადგინა ბორის ყურუა.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.