აზერბაიჯანში სკოლები იხსნება, მაგრამ არა ყველასთვის
2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, აზერბაიჯანში, სკოლებში სწავლა განახლდება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ეხებათ. რა უნდა გააკეთონ უფროსი კლასების მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა? შეიძლება სტუდენტებს სწავლის გადასახადის შემცირების იმედი ჰქონდეთ? ამ კითხვებზე ქვეყნის განათლების მინისტრმა უპასუხა.
ბრიფინგზე, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ემინ ამრულაევმა ქვეყანაში ოთხთვიანი ლოკდაუნის შემდეგ, ტრადიციული სასწავლო პროცესის განახლების შესახებ განაცხადა.
11 თვის ხანგრძლივობის ლოკდაუნი
დაწყებითი კლასების მოსწავლეები, კვირაში სამჯერ მივლენ სკოლაში. დანარჩენ დღეებში, სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.
ასეთი პრინციპი იყო შემოღებული სასწავლო წლის დასაწყისშიც, 2020 წლის 15 სექტემბერს. მაგრამ უკვე ერთი თვის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
მაღალი კლასების მოსწავლეებსა და სტუდენტებს კვლავ არ ექნებათ გაკვეთილებსა და ლექციებზე სიარულის უფლება. მათთვის ლოკდაუნი 2020 წლის მარტიდან გრძელდება.
ლოკდაუნი შეიძლება დაბრუნდეს
სრულ განაკვეთზე სასწავლო პროცესის დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. მინისტრის თქმით, ტრადიციული სასწავლო პროცესის განახლებამ, შესაძლოა, COVID-19-ის შემთხვევათა მატების რისკი გაზარდოს.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ლოკდაუნი დავაბრუნოთ“, – დასძინა ამრულაევმა.
რა უნდა გააკეთონ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა?
თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებას უფროსი კლასის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან დაკავშირებით.
„ბაქოში, ჯერ კიდევ არ მუშაობს მეტრო. ძალიან ბევრი უფროსკლასელი და სტუდენტი, ასევე, პედაგოგი სარგებლობს სწორედ ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – ასეთი არგუმენტი მოიყვანა განათლების მინისტრმა გადაწყვეტილების გასამართლებლად.
მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ
განათლების სამინისტრომ მოამზადა მასწავლებლების სია, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში მოხდება.
ბაქოში, 16 698 მასწავლებელს აცრიან, ქვეყნის რეგიონებში – 32 600-ს.
სწავლის ძვირადღირებული საფასური
მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების ძვირადღირებული საფასურის საკითხსაც შეეხო. ეს თემა პერიოდულად ხდება ხოლმე განხილვის საგანი სოციალურ ქსელებში. მოქალაქეები კარანტინის გამო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. მათი არგუმენტები მარტივია: სწავლა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, უნივერსიტეტების ხარჯები მკვეთრად შემცირდა, ასევე, შემცირდა სტუდენტების მშობლების შემოსავლები.
ემინ ამრულაევის თქმით, დღეისათვის, აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში წლიური გადასახადი, საშუალოდ, 2.500 მანათს (1 470 ამერიკულ დოლარს) შეადგენს.
„ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან შედარებითაც კი, ეს არც ისეთი დიდი თანხაა“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.
აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შრომის მინიმალური ანაზღაურება 250 მანათია (147 ამერიკული დოლარი).