გალში სამორინის გახსნას აპირებენ, თუმცა აფხაზეთში აზარტული თამაშები აკრძალულია
აზარტული ბიზნესი აფხაზეთში
აფხაზეთში, გალის რაიონში კაზინოს გახსნა იგეგმება. ეს ინიციატივა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ გააჟღერა. მას მიაჩნია, რომ ეს ტერიტორიას მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის და დადებითად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზე. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: აზარტული თამაშები აფხაზეთში ოფიციალურად აკრძალულია.
აფხაზეთის გალის რაიონი ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. კონსტანტინე ფილიამ კაზინოს მომავლისთვის ადგილიც კი შეარჩია – ეს არის სოფელი პრიმორსკოე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, არ არის პოპულარული ტურისტებში.
- ტესტი ერთგულებასა და ალკოჰოლზე – როგორ გრძელდება ტურისტული სეზონი აფხაზეთში
- აფხაზეთის მაიმუნების საშენი 95 წლისაა. მითები და სინამდვილე ამ ლეგენდარულ ადგილზე
- რუსეთი მუქარით ცდილობს წაართვას აფხაზეთს ბიჭვინთის ნაწილი, თბილისი კი დუმს. რატომ?
აზარტული თამაშები აფხაზეთში 2006 წლიდან აკრძალულია. აკრძალვა მაშინდელმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მას შემდეგ შემოიღო, რაც აზარტული თამაშების ვალების გამო რამდენიმე ადამიანმა თავი მოიკლა. საზოგადოება, უმეტესწილად, თვლის, რომ აკრძალვა სწორია და უნდა შენარჩუნდეს.
ასე რომ, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასთვის ადვილი არ იქნება გალის რაიონში აზარტული თამაშების ზონის გახსნაზე “მწვანე შუქის” ანთება. თუმცა, კონსტანტინე ფილიას ასლან ბჟანიასთან ნათესაური კავშირი აქვს – ფილიას ძმისშვილი დაქორწინებულია პრეზიდენტის ქალიშვილზე, აფხაზეთში კი ხშირად ეს არის გადაწყვეტილების მიღების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო