ფოთის ეპარქია: სასულიერო პირებისგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები დაუშვებელია
30 აგვისტოს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის ხელმძღვანელობით ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ იმსჯელეს და სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს. ეპარქიაში ამბობენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა დაუშვებელია.
მათივე განმარტებით, კრებაზე მსჯელობა შეეხო ვაქცინასთან დაკავშირებულ მითებსა და საეჭვო ინფორმაციებს. ეპარქიის თქმით, მსგავსი დეზინფორმაცია იწვევს უსაგნო შიშსა და უნდობლობას მედიცინის მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს:
“მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის – რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.”
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.
“ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე”, – წერია განცხადებაში.
___________________________________________
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
________________________________________________
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე წლის 18 მარტს პატრიარქს შეხვდა და მასთან ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებოდა, არ გამართლდა.
“საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ”, – განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის პატრიარქთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდელმთავრებს მიმართა და ვაქცინაციის პროცესში “გვერდში დადგომა” სთხოვა.
მისი თქმით, ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
გამყრელიძის განცხადებას წმინდა სინოდიდან მხოლოდ მეუფე ანანია გამოეხმაურა. მეუფის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია საჭირო და აუცილებელია. ამ დროისთვის, სასულიერო პირების მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობს აცრის აუცილებლობაზე. სინოდის წევრებიდან კი ცნობილია, რომ მხოლოდ მელქისედეკ ხაჩიძე და დიმიტრი შიოლაშვილი აიცრნენ.
11 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ
საქართველოს კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების უმრავლესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოღვაწე 47 სასულიერო პირიდან 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.