ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება და ოცნების არაღიარება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც არ აღიარებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.
კენჭისყრაზე დოკუმენტს 400 მხარდამჭერი ჰყავდა, წინააღმდეგ – 63-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა. თავი შეიკავა 81-მა.
კენჭისყრაზე წარდგენილი ტექსტი მწვანეები-ევროპული თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE), ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპული განახლებისა (Renew) და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ინიციირებული რეზოლუციების საფუძველზე შეიქმნა.
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.
პროექტში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
ამასთან, რეზოლუციაში ვკითხულობთ მოწოდებას იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპის საბჭოს მომავალ სხდომასა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე.
ევროპარლამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ინარჩუნებს მოსაზრებას, ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.
რა წერია რეზოლიციაში
- გმობს ქართული ოცნების “ხელისუფლებას” და მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, შესაბამისად, ძირს უთხრის დემოკრატიული რეფორმების ათწლეულს, რომელსაც ამოძრავებდა ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება; საქართველოს მიიჩნევს ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყნად; გამოხატავს ღრმა წუხილს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ მიატოვა მისი გზა ევროინტეგრაციისკენ და NATO-ს წევრობისკენ; იმეორებს, რომ მიმდინარე დემოკრატიულმა უკუსვლამ და ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა; იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველის ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში;
- არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც დამყარდა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რაც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახა ქართველი ხალხის ნება; ხაზს უსვამს, რომ ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია საარჩევნო პროცესის მთლიანობა, გააჩინა ეჭვები შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ძირი გამოუთხარა საჯარო ნდობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზეც, ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ;
- მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტისა და მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეუერთდნენ ბოიკოტს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ;
- აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას; აფასებს მის ძალისხმევას, მშვიდობიანად დააბრუნოს ქვეყანა განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე; მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დაპატიჟოს სალომე ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრასა და ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე;
- ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკურ-კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით; მოითხოვს, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც უზედამხედველებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და დააკვირდებიან გულმოდგინე საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა გარანტირებული იყოს სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი; მოუწოდებს წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი მომავალი ჩართულობა ცალსახად განაპირობონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნისა და მექანიზმის ჩამოყალიბებით, რათა გარანტირებული იყოს არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა;
- მოუწოდებს საბჭოსა და წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით EU-25-ს ორმხრივობასა და კოორდინირებულობის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს დაუწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და გაყინონ მისი ყველა აქტივი ევროკავშირში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შესრულებული როლის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის კონსტიტუციურად გამოცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედების გამო; საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, ჩამოართვას საპატიო ლეგიონის ორდენი ბიძინა ივანიშვილს და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები; ამ კუთხით, მიესალმება ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და ჩეხეთის მიერ ორმხრივად დაწესებულ სანქციებს, ისევე როგორც აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს;
- მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით EU-25-ს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და პოლიტიკური აქტივისტების დევნაზე, მათ შრის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და ქართული ოცნების მმართველი პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესა და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს; მოუწოდებს მათ ეს სანქციები გაავრცელონ მოსამართლეებზეც, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელებს, ასევე სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებზე, აგრეთვე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, არიან რეჟიმთან დაკავშირებული მედია-გამოცემების, მათ შორის ტვ იმედის, POSTV-ის, რუსთავი 2-ის მფლობელები, ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებისთვის მათ მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის;
- მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის დამხმარეთა ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებსა და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს;
- ინარჩუნებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიული უკუსვლისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმესა და ბოლო მოვლენებს; მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს უვიზო მოგზაურობა ქართველ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც უნდა მოჰყვეს უფრო მკაცრი ზომები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საბჭოს გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას, დაესანქცირებინათ პირები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები;
- ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა არის სასიცოცხლო ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის დამაკმაყოფილებელი ნიშნისთვის; იმეორებს თავის მოწოდებას კომისიისა და საბჭოს მიმართ, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლების ევროკავშირის სტანდარტები არ არის დაცული;
- კატეგორიულად გმობს დაუნდობელ ძალადობასა და რეპრესიას, რომელსაც საქართველოს მმართველი რეჟიმი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის 28 ნოემბრიდან იყენებს; [ქართულ ოცნებას] ყველა პოლიტიკური პატიმრისა და ანტისამთავრობო პროტესტების დროს დაკავებულის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს; მოითხოვს ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელსაც, უსამართლო დაკავების გამო, ოთხი კვირაზე მეტია შიმშილობა აქვს გამოცხადებული და კრიტიკული, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში შედეგების წინაშე დგას; გმობს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და ცემას, რასაც მისი ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა, შემდეგ კი მოჰყვა 2025 წლის 2 თებერვალს პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავება, რაც არის ქართული ოცნებისა და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ორკესტრირებული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაცია; შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში დააკავეს ელენე ხოშტარია;
- იმეორებს სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ლეგიტიმურ დემოკრატიულ უფლებათა და საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ხალხის ნების განხორციელებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მიზნით, რაც კვლავ გახსნის ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას;
- მკაცრად გმობს დრაკონული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არასამართლიანად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, და მოითხოვს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებდნენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს – გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, და უზრუნველყოს სამართალდამცავი სამსახურების მხრიდან ყველა უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევის სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება; მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გამოყენებულია განსხვავებული აზრის ჩასახშობად, შიშის დასანერგად და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად;
- მოუწოდებს “საქართველოს ხელისუფლებას”, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად და გამოიძიოს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შემთხვევა; ხაზგასმით აღნიშნავს დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, სადაც მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია შეძლებენ თავისუფლად საქმიანობას შურისძიებისა და ცენზურის შიშის გარეშე.
- მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას პოლიციის ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ; მოუწოდებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელმა ყველა პირმა, მათ შორის სამართალდამცველებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც რეპრესიულ ქმედებებს აძლევდნენ ბრძანებას, სრულად აგონ პასუხი კანონის წინაშე;
- გმობს პროკურატურის მიერ 2025 წლის 8 თებერვალს დაწყებულ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს დებენ დამამძიმებელ დივერსიაში, დივერსიის მცდელობასა და უცხოური და უცხოეთიდან კონტროლირებული ორგანიზაციების დახმარებაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირგამომთხრელ მტრულ საქმიანობაში, რომლისთვისაც მათ შესაძლოა, რამდენიმე წლიანი სასჯელი მიესაჯოთ; აღიქვამს ამ ქმედებას, როგორც რეჟიმის მიერ რეპრესიების შემდგომ ესკალაციას, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებასა და დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარებას;
- გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ თავდასხმების ფართო კამპანიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდამჭერი ავტორიტეტული საერთაშორისო დონორების დემონიზებას ახდენს;
- გმობს ქართული ოცნების მიერ პარლამენტის 49 ოპოზიციური წევრისთვის მანდატების შეჩერებას, რაც ნიშანია შემდგომი დემოკრატიული უკუსვლისა და მიიჩნევს ამ ბოლო ნაბიჯს, როგორც ქართული ოცნების თავდასხმას პოლიტიკურ პლურალიზმზე ქვეყანაში;
- მიესალმება PACE-ის გადაწყვეტილებას, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ; მხარს უჭერს PACE-ის მოწოდებას საქართველოსადმი, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყოველი პოლიტიკური და სოციალური აქტორი, მათ შორის, მმართველი პარტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები და შეიქმნას საარჩევნო გარემო ახალი და ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება;
- აღნიშნავს, რომ საქართველო, ერთ დროს მოწინავე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, გადის დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარებულ პროცესს შესამჩნევად მიზანმიმართული მცდელობით, აჩვენოს, რომ ქართველი ხალხის ნება აღარ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, რაც შესაძლოა, დასრულდეს ქვეყნის მიერ ბელარუსის პოლიტიკური განვითარების გზაზე გადასვლითა და ამჟამინდელი ავტორიტარული მდგომარეობის დიქტატორულ რეჟიმად ცვლილებით;
- გმობს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის დაფინანსებაზე 2028 წლის ბოლომდე; იხსენებს, რომ ყოველი გამოკითხვა თანმიმდევრულად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისადმი; გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი;
- გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ ჩატარდეს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი აუდიტი დემოკრატიული უკუსვლის გამო; მოუწოდებს კომისიას, გადახედოს საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულებას საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ მე-2 მუხლში მოცემული ზოგადი პრინციპების დარღვევის ფონზე, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ; ხაზს უსვამს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხელშეკრულებით მინიჭებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება;
- მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ნებისმიერი საბიუჯეტო დახმარების გაცემა საქართველოს ხელისუფლებისადმი და შეაჩეროს ნებისმიერი სამომავლო საინვესტიციო პროექტის ინიციირება; მოუწოდებს კომისიას, შეაჩეროს ყოველი ფინანსური დახმარება მიმდინარე პროექტებისთვის; გამოდის მოწოდებით, კავშირის სფეროში ყველა საინვესტიციო პროექტზე დაწესდეს მორატორიუმი; მოუწოდებს კომისიას, შემზღუდავი ზომებისა თუ ეკონომიკური სანქციების შესახებ პოტენციური სამომავლო გადაწყვეტილებების პერსპექტივით, დაიწყოს ოლიგარქიული ინტერესებისთვის რელევანტური ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მხარს უჭერს და ხელს უწყობს ამჟამინდელი ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებას;
- გმობს დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატს, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები ამწვავებს და ამასთან, პოლიტიკური პლურალიზმზე თავდასხმებს, მათ შორის, ქართული დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ დაშინებისა და ძალადობის შემაშფოთებელ შემთხვევებსა და განმეორებად მუქარებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, მათი ლიდერებისა და ჩვეულებრივი მხარდამჭერების დაკავებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შესახებ; ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, გარდა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების აღდგენისა, გამოიწვევს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობის არარსებობასა და დამატებითი სანქციების დაწესებას;
- მოუწოდებს კომისიას, რომ სასწრაფოდ გადაამისამართოს თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად გამოყოფილი გაყინული 120 მილიონი ევრო ევროკავშირის მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მზარდი წნეხის ქვეშ ექცევიან და ამასთან, დაეხმაროს იმ პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ სიმტკიცესა და არჩევნების სანდოობას; გამოდის მოწოდებით, დაკორექტირდეს ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმები, რათა გათვალისწინებულ იქნეს ის საჭიროებები, რომლებიც უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში წარმოიშობა; ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გადაუდებელ აუცილებლობას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და, შესაბამისად, მოუწოდებს კომისიას, შეუფერხებლად გააძლიეროს მხარდაჭერა;
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებისა და ქართული ოცნების მთავრობის რუსეთთან დაახლოებისა და თანამშრომლობისკენ მიმართული პოლიტიკის გამო, მიუხედავად [რუსეთის მიერ] საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციისა; გმობს, ამ მხრივ, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლების მზარდ ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას საქართველოს დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის, მისი ევროპარლამენტარებისა და ოფიციალური პირების მიმართ და ქართული ოცნების მიერ რუსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ხელშეწყობას;
- მტკიცედ იმეორებს მოთხოვნას ჰუმანიტარულ საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, მკურნალობის საზღვარგარეთ მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლებას სრულად და უდავოდ ეკისრება პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და პასუხისმგებელია ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას ექნება მიყენებული; მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტარების შეუფერხებელი წვდომა მიხეილს სააკაშვილთან;
- ავალებს [ევროპარლამენტის] პრეზიდენტს, რომ ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცეპრეზიდენტს/საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.