"საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი" – ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ მისიას ასრულებს
ევროკავშირის ელჩი დიპლომატიურ მისიას ასრულებს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. მან მეუღლესთან ერთად, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა და ქართველ ხალხს მიმართა.
“არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით.” – ამბობს მიმართვაში კარლ ჰარცელის ცოლი, მეტე ჰარცელი.
თავად ჰარცელის განმარტებით, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია:
“თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.”
ყოფილი ელჩის თქმით, წინ არაერთი ბრძოლაა და მათ სჯერათ, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. “არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა.”
“საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურა 8 ივნისს წარადგინა. კარლ ჰარცელის შემცვლელი თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ დაინიშნება.
პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.
