ენგურჰესი მინიმუმ 100 დღით სრულად გაჩერდა
20 იანვარს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების გამო სამი თვით მუშაობა შეაჩერა საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლოს ენგურჰესზე კომპლექსური რემონტი 15 წლის წინ ჩატარდა.
სულ ჰესის რეაბილიტაცია 45 მლნ ევრო დაჯდება. აქედან 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტი, რომელსაც საქართველო 15 წლით მიიღებს.
სამუშაოებს ქართული, თურქული და გერმანული კომპანიები ჩაატარებენ. რემონტისთვის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდი სპეციალურად შეირჩა, ვინაიდან ამ დროს ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია.
ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაარემონტონ, სადერივაციო გვირაბია. სადერევაციო გვირაბით წყალი წყალსაცავიდან აგრეგატებამდე მიჰყავთ.
ამჟამად სადერივაციო გვირაბის გარკვეული მონაკვეთები ავარიულ მდგომარეობაშია, საიდანაც საკმაოდ დიდი მოცულობის წყალი ჟონავს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, როდესაც სადერივაციო გვირაბი შეკეთდება და წყლის დანაკარგი შემცირდება, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
გვირაბში სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყოს, იგი სრულად უნდა დაიცალოს, ანუ ჰიდროელექტროსადგური უნდა გაჩერდეს.
____________________
ენგურჰესი უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია – აქ მუშაობენ როგორც აფხაზები, ისე ქართველები. ელექტროენერგიაც ორი მიმართულებით ნაწილდება.
1993 წელს თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა.
ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა; სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი, წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი – წალენჯიხის რაიონში, თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს.
ამჟამად მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აფხაზეთი მოიხმარს, 60 პროცენტს კი – საქართველო. ზამთარში კი, როდესაც ცოტა წყალია, თითქმის მთელი ელექტროენერგია აფხაზეთში მიდის.
აფხაზეთისთვის სადგური – ფაქტობრივად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სწორედ აფხაზეთს აყენებს.
აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების პერიოდში რეგიონს ელექტროენერგიით მოსკოვი მოამარაგებს.
ადრე, როდესაც ენგური მოკლე დროით სარემონტო სამუშაოებზე იკეტებოდა ან არასაკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა, ქართული მხარე ყიდულობდა აფხაზეთისთვის მისაწოდებელ დამატებით ელექტროენერგიას, თუმცა ამჯერად ეს ასე აღარ იქნება:
“ენგურჰესის გაჩერება არ შეაფერხებს ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან იმ პერიოდში სეზონური გამომუშავება ძალიან მცირეა. რაც შეეხება აფხაზეთს, ისინი მიიღებენ იმპორტირებულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც, პრაქტიკულად, მათი მხრიდან ხორციელდება. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.