ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის
გაზიარება
გაზიარება
ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა და ახალი პლატფორმის შექმნას აპირებს. მისი თქმით, ის არ განიხილავს სხვა რომელიმე პარტიაში გადასვლას. ასევე, ელენე ხოშტარია რჩება ოპოზიციურ ერთობაში.
მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხიც.
“ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა და ამაზე დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ”, – თქვა ხოშტარიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ხოშტარიამ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა და აქტივიზმი, ასევე ერთიანი, პრინციპული პოლიტიკური პროცესი.
“მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის პარტიიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მისი თქმით, ელენე ხოშტარია დიდი ხანია გეგმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტივობას. მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს “პარტიიდან გადინებას”.
ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია. ის 2016 წელს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” გაიყო და “ევროპული საქართველო” ცალკე პარტიად დარეგისტრირდა, ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” შეუერთდა. სწორედ ის იყო თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
2020 წლის საპრალმენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.
ცესკოს მონაცემებით ის მეორე ტურში გადავიდა, თუმცა სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად აღარ მიიღო.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებში ცვლილებები დაიწყო.
პირველად გაყოფის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მან უკვე მოასწრო ახალი “გირჩის” დაფუძნება;
ხოლო მეორე შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა მისმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. პარტიას უკვე ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჰყავს.