დმიტრი მედვედევმა ფეისბუქის საკუთარი გვერდი საქართველოსთვის დამალა
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკული და შეურაცხმყოფელი კომენტარების სახით მყისიერი რეაქცია მოჰყვა, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდი საქართველოსთვის უხილავი გახადა.
„ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებებს. პასუხი გასცა გარეწრების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობისმყოფელებსაც, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის ქართული სოფლების მოსახლეობისთვისაც“, – წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი.
„არსობრივად საკითხი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. ამიტომაც, მაშინ მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვა. თავდაპირველად აგრესიისგან დავიცავით, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, მათი სრული დამოუკიდებლობა ვაღიარეთ“, – ნათქვამია დმიტრი მედვედევის განცხადებაში.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, „ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა“.
“უდანაშაულო ადამიანების და ბავშვების მკვლელი ხარ.”
“ეს თქვენ შემოიჭერით საქართველოში, ჩვენ სამშობლოს ოკუპანტ რუსეთისგან ვიცავდით.”
“გარეწარი ხარ, შენს ხაზეინ პუტინთან ერთად,” – წერდნენ საქართველოს მოქალაქეები მედვედევის პოსტის კომენტარებში.
იყო შეურაცხმყოფელი კომენტარებიც.
ამჟამად დმიტრი მედვედევის გვერდი ფეისბუქზე ქართული აიპით აღარ იძებნება.