"დიაგნოზი აქ ვერ დავსვით", "სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს" - ომბუდსმენის დასკვნა სააკაშვილზე
ომბუდსმენის დასკვნა სააკაშვილზე
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას თქმით, ექსპრეზიდენტმა ჯობია, გამოიცვალოს სამკურნალო ადგილი, ხოლო ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, “მნიშვნელოვნად” არის გაუარესებული.
ასევე, ექიმების განმარტებით, მესამე პრეზიდენტს აქვს მეოთხე დონის კახექსია, რაც გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს დარჩენილი.
თავად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელი გადავადების მოთხოვნას შეესაბამება.
დღეს სამედიცინო ცენტრ “ვივამედის” [სადაც სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის] კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში. ჩხაიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის მისი სრულფასოვნად კვება აუცილებელია.
“უნდა ითქვას, რომ ის სრულფასოვნად არ იკვებება. პაციენტი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ ჭამს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ მკურნალობა გრძელდება და შესაბამისად, მას ყველაფერი უკეთდება. მაგრამ, პაციენტსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.” – ამბობს “ვივამედის” კლინიკური დირექტორი.
რა თქვეს კონსილიუმის ექიმებმა? მოკლედ:
“საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ვერ იკვებება”
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს ანორექსიასთან, რადგან სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
“სპეციფიკურ ენდოკრინოლოგიურ დაავადებასთან საქმე არ გვაქვს. მაგრამ საუბარია ზოგად მდგომარეობის გაუარესებაზე. ნუტრიციული კუთხით, ეს არის წონის ძალიან მნიშვნელოვანი კლება. ბოლო 7 თვის განმავლობაში წონის კლება შეადგენს დაახლოებით 30%-მდე. რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა… როცა პაციენტი საკვებს არ იღებს, საქმე გვაქვს ან შიმშილობასთან, ან ანორექსიასთან. ჩემი შეფასებით, საქმე გვაქვს ანორექსიასთან, ვერ იკვებება, ვერ იღებს ადეკვატურად საკვებს.” – აღნიშნავს ზავრაშვილი.
“ჯობია, გამოიცვალოს პაციენტის სამკურნალო ადგილი, ამაზე ლოგიკური დასკვნა ვერ იქნება”
კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას თქმით, კლინიკას ჰყავთ პაციენტი კლინიკაში, რომლის მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება:
“პირველი კითხვა ექიმთან იქნება – ვინმე ხომ არ მოვიყვანოთ? დავუშვათ, მოვიყვანეთ ვინმე და მაინც არ უმჯობესდება. შემდეგი კითხვა იქნება, სადმე ხომ არ გადავიყვანოთ? ეს არის ამ ამბის შინაარსი.
ფაქტია, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ფაქტია, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა უარესდება, და ფაქტია, რომ არ ჩანს რაიმე სტრატეგია, გეგმა, რომლითაც შეიძლება მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, დასკვნა არის, რომ ჯობია, გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი, ამაზე ლოგიკური დასკვნა მე მგონი, სხვა არ იქნება.
რატომღაც ასეა მიჩნეული, რომ “ბოლომდე გვითხარით დიაგნოზი”, თითოეული სიმპტომის ამხსნელი დიაგნოზი… დიაგნოზი რომ არ არსებობს, პრობლემაც ამაშია.”
● სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. გაათავისუფლებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
●”ხილული კავშირები რუსეთთან” – ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
“ამ გარემოს უნდა მოცილდეს, ჩვენი ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი“
ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, პაციენტი ვერ იღებს საკვებს, რის ფონზეც განვითარდა კახექსია. ნევროლოგი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ.
“კახექსია არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო სწრაფი აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას, რასაც მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ჩვენი აზრით, ის შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული”, – ამბობს თენგიზ წულაძე.
თენგიზ წულაძის განმარტებით, “ჩვენი კოლეგები არ აკლებენ არაფერს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს”.
“კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს. თუ ასე გაგრძელდა წონის კლება, რა თქმა უნდა. თუ არ გაგრძელდა და გაჩერდა ან გაუმჯობესდა, არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში უნდა იყოს.” – ამბობს ნევროლოგი.
“ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, დიაგნოზი აქ ვერ დავსვით“
კონსილიუმის წარმომადგენლის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას თქმით, “ვივამედის” ექიმები კარგად აცნობიერებენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება.
“ჩვენ გვაქვს სამედიცინო ციფრი, რასაც ჰქვია სხეულს მასის ინდექსი, რომელიც ნორმაშია 19-დან 27-მდე. მიხეილ სააკაშვილის არის 20 ამჟამად. ძალიან სწრაფად იკლებს წონაში. სექტემბრიდან დაახლოებით 25 კგ დაიკლო. კლება ამ დინამიკით რომ გაგრძელდეს, სადღაც 50 კგმ-დე ჩამოვა სამ თვეში და მისი კრიტიკული BMI არის 14, დაახლოებით და ამ მიზანს. კრიტიკული ზვარს როცა მიაღწევს, შემდეგ იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში”. – აცხადებს ექიმი.
როგორც გიორგი ხუციძე განმარტავს, წონის შემაშფოთებელ კლებას ემატება ნეიროპათიის გაღრმავებაც, ნერვების დაზიანება, სიცხე და “რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც აქ ვერ დავსვით”.
მისივე თქმით, საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა:
“ამაზე მეტი ვერ წარმოგვიდგენია, რა შეიძლება გაკეთდეს და ამასობაში, პაციენტს შეუქცევად პროცესამდე 2-3 თვე აქვს დარჩენილი. შემდეგ უკვე დაიწყებს ორგანოების მონელებას და მერე უკვე არაფერი ეშველება.”
● Le Figaro: მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს
● უკრაინის ელჩი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ ხელისუფლება არ გვპასუხობს
2 დეკემბერს გამოქვეყნდა ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზა, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს. დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის [პოლიფარმაცია არის დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების ჭარბი, არამიზნობრივი გამოყენება – JAMnews} შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
სმიტის თქმით, წამლების დანიშვნისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე მედიკამენტის მიღება ერთდროულად ხდება, მედიკოსებს ევალებათ, დანიშნონ სწორი წამალი, სწორი დოზით და სწორი ხანგრძლივობისთვის და მათი მიღება პაციენტმა გონივრულ დროს უნდა შეწყვიტოს.
ექსპერტის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ ოფიციალური მონაცემებისა და სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ის დაპატიმრების შემდეგ 14 სხვადასხვა მედიკამენტს იღებდა და პოლიფარმაცია სწორედ ამ 14 წამლის დანიშვნის შედეგია, რომელიც იწვევს დისფუნქციას, მათ შორის თეთრი ნივთიერების შემცირებას ტვინის პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც ტვინში აღმასრულებელ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი. ექსპერტის აზრით, ტვინის ადეკვატური აღდგენისთვის ამ წამლებისგან დეტოქსიკაციაა საჭირო.
იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში მოინახულეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარეს. როდის იქნება დასკვნა, ჯერჯერობით უცნობია.
პირველ დეკემბერს ცენტრმა “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სააკაშვილს ოცზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს – მათგან, დაახლოებით ათი პატიმრობასთან შეუთავსებელია.
“ემპათიაში” აცხადებენ, რომ ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი – ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.
მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს “დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც”.
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი პროცესი დაიწყო (ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – სააკაშვილის საქართველოში გასულ ოქტომბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შედეგად შემოვიდა). პროცესზე თავად სააკაშვილიც უნდა მიეყვანათ, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ექს-პრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადადო.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა “ამ დონეზეა დაზიანებული”, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
ოჯახი მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას უკვე დიდი ხანია ითხოვს.