დღეიდან ჩინური სინოფარმის აცრაზე რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ
ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ და მათთვის რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს, 8 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრის ძირითადი თემა ჩინური ვაქცინა იყო.
“გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან სინოფარმით”, – ამბობს ტიკარაძე.
მინისტრის თქმით, საქართველოში “ვაქცინაციის ოფიცერები” კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდება, რომ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე პროცესში ბევრი პრობლემაა.
უწყება აპირებს გადაამზადოს “ვაქცინაციის ოფიცრები” – ისინი რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.
“ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს“, – ამბობს მინისტრი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 40 095-მა ადამიანმა გაიკეთა. გასულ დღე-ღამეში 1 542 ადამიანი აიცრა. ჯამურად აცრილი 40 095 პირიდან, ვაქცინის ორივე დოზა 3 622 მოქალაქემ მიიღო.
___________________________________
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● საქართველოში მხოლოდ 5 ათასი მედმუშაკი აიცრა
____________________________________
ჩინურ “სინოფარმს” ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, მაგრამ აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.
ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 1578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 17 ადამიანი.