"ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას"- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობაზე
„აზერბაიჯანს არ სურს იმ სიტუაციის განმეორება, როდესაც მოლაპარაკებები იმიტაცია იყო. ვგულისხმობ ყარაბაღის მეორე ომამდე პერიოდს”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამ ფრანგულ ონლაინ გამოცემა Musulmans en France-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანი სერიოზულად უყურებს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს.
„ყარაბაღის მეორე ომის შედეგების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თავისი ტერიტორიები, რომლებიც თითქმის 30 წელი ოკუპირებული იყო“, – განაცხადა მან.
- ანტირუსული განწყობები საქართველოში დღეს უფრო მძაფრია, ვიდრე 2008 წელს. რატომ? გია ნოდიას თვალსაზრისი
- 30 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
აბდულაევამ დასძინა, რომ მიუხედავად „სომხეთის მიერ ამ მიწებზე მიყენებული ნგრევისა და ზიანისა, აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების ნორმალიზება შესთავაზა“.
„აზერბაიჯანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ერთადერთი, რაც აფერხებს მშვიდობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არის ოკუპაციის ფაქტი. ვინაიდან ოკუპაციის ფაქტი აღმოიფხვრა, ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა წინსვლისა და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სწორედ ამიტომ გამოვიდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთთან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის იდეით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
აბდულაევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარის პოლიტიკური ნება ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივის წამოყენებით აზერბაიჯანმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ნების მქონე ქვეყანაა. აზერბაიჯანმა ასევე შესთავაზა ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც უნდა იყოს დამყარებული ეს სამშვიდობო შეთანხმება. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სერიოზულად ვუყურებთ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“.
ამასთან, აბდულაევამ დასძინა, რომ აზერბაიჯანს არ სურს იმ სიტუაციის განმეორება, როდესაც მოლაპარაკებები იმიტაცია იყო.
„არის რაღაც, რის შესახებაც გვინდა მკაფიოდ ვთქვათ: ჩვენ არ გვინდა ისევ ვხედავდეთ მოჩვენებით მოლაპარაკებებს, რადგან 30 წელი ვუყურეთ ამას. ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხური მხარე მოლაპარაკებების იმიტირებით რომ არ ყოფილიყო დაკავებული, მაშინ, ალბათ, ყარაბაღის მეორე ომი არ იქნებოდა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ არა იმიტაცია, არამედ რეალური, კონკრეტული შედეგები. თუ გვინდა რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, ამისთვის სომხეთმა სრულად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – დასძინა აბდულაევამ.
აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობაზე