პირამოკერილი ჭიათურელების პროტესტი ამერიკის საელჩოსთან გრძელდება. მათ ღამე მანქანებში გაათიეს
უკვე 21-ე დღეა ჭიათურის სოფელ შუქრუთის ხუთი მცხოვრებელი პირამოკერილი შიმშილობს. ისინი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რაც კომპანიის საქმიანობის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს მიადგა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში “ჯორჯიან მანგანეზის” მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ზიანდება და ავარიულ მდგომარეობაშია.
ადგილობრივები ასევე, სხვა ეკოლოგიურ პრობლემებსაც უჩივიან და აღნიშნავენ, რომ მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების გარდა დაზიანდა მათი ნაკვეთებიც. მათი თქმით, ეზოების ქვემოთ მაღაროს გავლამ, ნაპრალების გაჩენა გამოწვია, რამაც მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწები, სამეურნეო თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო გახადა.
სოფელი შუქრუთი დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტშია. ”შავი ოქროს ქალაქი” ასე იცნობდნენ ჭიათურას საბჭოთა კავშირის დროს. ეს პატარა ქალაქი მანგანუმის მოპოვებისა და დამუშავების ცენტრია ამიერკავკასიაში. თუმცა, აქაურებისთვის ეს თითქმის არაფერს ცვლის – მაღაროელთა ქალაქი დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
30 მაისს პროტესტის მონაწილეები სოფელ შუქრუთიდან თბილისში გადმოვიდნენ და საპროტესტო აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს.
ღამე მათ მანქანებში გაათიეს, რადგან აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლის უფლება არ მიეცათ.
აშშ-ის ელჩისგან ისინი ხელისუფლებასთან შუამავლობას ითხოვენ. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” სახელმწიფო მართავს მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის ხელით.
“ქალბატონი კელი დეგნანისგან ვითხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას. იქნებ ჩვენი პრობლემის მოგვარებისთვის რეალური ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას”, – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე.
________________________________
● “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
● ჭიათურა – შავი მარგალიტი
● ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
________________________________
_____________________________________________________________________________
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
23 აპრილს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზში“ და მის შვილობილ კომპანიებში მომუშავე სამი ათასამდე თანამშრომელი გაიფიცა.
დასაქმებულები მოითხოვდნენ ხელფასების 50 პროცენტიან ზრდას, დაზღვევის პაკეტების გაუმჯობესებას, შრომითი ხელშეკრულებების გადაცემას დასაქმებული პირებისთვის და ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქსა და სოფლებში.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მადნის არასწორი მოპოვებისა და ქარხნული დამუშავების ფონზე ბინძურდება მდინარე ყვირილა, ჰაერი და სასმელი წყლები, ასევე უსარგებლო ხდება ნიადაგი.
მაშინ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.