ბოლნისის სოფელი სავანეთი დაიკეტა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
16 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 74 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, სადაც ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული. სოფლის შესასვლელს ახლა ძალოვნები აკონტროლებენ. სავანეთში შესვლა-გასვლა აიკრძალა.
ახალი შემთხვევებია ბოლნისის რაიონის სასწრაფო სამსახურის კლასტერში, სადაც ხუთ ინფიცირებულ თანამშრომელს კიდევ ორი დაემატა.
სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღემდე კორონავირუსის 20 ფაქტია დაფიქსირებული.
covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთის სოფელ ლეღვაშიც, რომელიც ამ დროისთვის დაკეტილია.
ეპიდემიოლოგები მუშაობენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებშიც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა. 15 აპრილიდან კი 10 დღით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა.