Bloomberg: საქართველოს "ჩრდილოვანი ბოსი" აშშ-ში ახალ ლობისტებს ქირაობს
ამერიკული საქმიანი გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვაშინგტონში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც თვეში 75 ათას დოლარს დახარჯავს.
სტატიაში “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია “ჩრდილოვანი ბოსად”, საქართველო ქვეყანად, რომელიც “ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა”, ხოლო გიორგი გახარია “ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრემიერად”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლობისტებთან თანამშრომლობისკენ ივანიშვილს კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულმა წერილებმა უბიძგა.
___________________________________
სტატიაში,რომელიც opinion-ის, ანუ პირადი მოსაზრების რუბრიკაშია დაბეჭდილი, Bloomberg-ის ავტორი ელი ლეიკი (Eli Lake) აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Hogan Lovells-თან.
თვეში 75 ათასი აშშ დოლარის საფასურად, აღნიშნულმა კომპანიამ ვაშინგტონში საქართველოს მმართველი გუნდის იმიჯზე უნდა იზრუნოს და შეამციროს მისი მისამართით კრიტიკა.
ლობისტების დაქირავების მიზეზი ის კრიტიკული წერილები გახდა, რომლებსაც საქართველოს პრემიერს კონგრესმენები უგზავნიან, რომლებიც “ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით არიან შეშფოთებული”.
Bloomberg-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლობისტს ქირაობს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ სწორედ “ქართული ოცნება”, “რომელიც ამ ეტაპზე ხელისუფლებას აკონტროლებს,” – წერს სტატიის ავტორი.
მას მოჰყავს ციტატა 21 იანვრით დათარიღებული წერილიდან, რომელიც ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა ნორმ ქოულმანმა 21 იანვარს ბიძინა ივანიშვილს მისწერა:
“კომპანია იმუშავებს და ასევე, შესაძლოა, მიიღოს მითითებები საქართველოს ოფიციალური პირებისგანაც, მაგრამ ძირითადად ვიმუშავებთ თვითონ პარტია “ქართულ ოცნებაზე”, – წერს ნორმ ქოულმანი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან “სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეპრესიებისკენ უკუსვლაში”:
“საქართველომ პრემიერ-მინისტრების მთელი წყება გამოიცვალა, რომლებიც ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ,” – აღნიშნავს ავტორი.
რეპრესიების ბოლო მაგალითად მას გიგი უგულავას საქმე მოჰყავს:
“ამის ბოლო მაგალითი ორშაბათს გამოჩნდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა”.
Bloomberg-ი ასკვნის, რომ საქართველოში არსებული ამ რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ქოულმანს რთული საქმე აქვს დაკისრებული.
“ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში, როგორიც საუდის არაბეთია, აშშ შეიძლება იყოს ლმობიერი. მაგრამ საქართველომ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვაშინგტონთან ახლო ურთიერთობების დამყარება სწორედ კანონის უზენაესობისა და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვის ხარჯზე შეძლო. ქოულმანის ახალი კლიენტი [ქართული ოცნება], სამწუხაროდ, ამ ყველაფრისგან შორს დგას. ვერავითარი PR ამ ფაქტს ვერ შეცვლის,”- წერს ავტორი.
Bloomberg-ის ამ წერილს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. სტატიას მან “დასპონსორებული” უწოდა:
„ბლუმბერგის“ სტატია მაღალი ალბათობით არის დასპონსორებული და ეს იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ბლუმბერგს“ არც ერთხელ არ უთქვამს და არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სამი მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის. დღეს კი აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 77 ათას დოლარს ხარჯავს. მგონი, ძალიან დიდი განსხვავებაა სამ მილიარდსა და 77 ათას დოლარს შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო პრესაში მსგავსი შინაარსის სტატიებს ოპოზიცია უკვეთავს:
„მათ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოში მიიღებენ მხარდაჭერას, ამიტომ ცდილობენ რომ საერთაშორისო პრესაში და სხვა ქვეყნის დედაქალაქებში ჩაატარონ კამპანია,” – აღნიშნა თალაკვაძემ.