ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი შეიტანა. შეეხება თუ არა ის სააკაშვილს?
ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. კანონპროექტის ავტორია პარტია “გირჩი”, ხოლო პროექტის თანაავტორები არიან: “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპელი სოციალისტები”, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე.
ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს. “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია ყველა მუხლს და ყველა პატიმარს შეეხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს.
“მიხეილ სააკაშვილიც ერთ-ერთი პატიმარია. ის არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, ეს ამნისტია შეეხება უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებსაც, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ამ ამნისტია არ ვაკეთებ მიხეილ სააკაშვილის გამო, მე ყოველ შემთხვევაში. ამ ამნისტიას ვაკეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ციხე დატოვოს ფაქტობრივად ნახევარმა ადამიანმა, ვინც ციხეში ზის.” – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამნისტირება უნდა “დაივიწყონ.”
“მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს სასჯელი.” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასაც დაუშვებლად მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს ამნისტიის კანონპროექტით პასუხისმგებლობა მოეხსნათ. პარტია “საქართველოსთვის” წევრი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ “თუ გადავხედავთ” ისტორიას და დღევანდელი დღით შევაფასებთ, “ჩვენთვის მიუღებელია” სამოხელეო დანაშაულებზე დათმობებზე წასვლა.
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: “ქართული ოცნება“ ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტიაა, ამბობს ერთს, აკეთებს – მეორეს
● მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა, ნავალნის სახით, მოიშორა ნომერ პირველი მტერი – მეორე მის ხელშია და მე ვარ
● “სერიოზული ხარვეზები” – რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში “ვივამედისა” და სააკაშვილის შესახებ
რა წერია კანონპროექტში
პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად:
- მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით.
- ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს.
- ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს.
- უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.
“წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა.” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.