ამირან გამყრელიძე: მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა. მისი განმარტებით, დღევანდელი ომიკრონის ცირკულაციის პროცენტი დადებით შემთხვევებში არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში და 60% არის თბილისში.
“რაც მთავარია, ის არის მზარდი და საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება”, – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, თებერვლის პირველ რიცხვებში ინფიცირების მაჩვენებელი პიკში იქნება და დღიურად, შეიძლება, 60 000-მდე შემთხვევაც კი იყოს.
“ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500- 7 000-მდე შემთხვევა”, – აცხადებს გამყრელიძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, კონტაქტირებული და ინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდება:
“ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებულ პირებზე. დღეს ასევე გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ მოხდება ერთობლივი განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მერე მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, რომ შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე”, – თქვა გამყრელიძემ.
“ომიკრონის” შტამზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბუსტერ დოზა “ომიკრონის” შტამის გავრცელებისგან განსაკუთრებით იცავს.
“განსაკუთრებით საყურადღებოა ბუსტერ დოზებით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან აქტიურად გაგრძელდეს”, – თქვა გაბუნიამ.
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
“ომიკრონის” ახალი შტამი პირველად ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 8 აფრიკულ ქვეყანას შეზღუდვები დაუწესა. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია.