ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს ტოვებენ. ამერიკამ მისია დაასრულა
გაზიარება
გაზიარება
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს სექტემბრამდე დატოვებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქართველი სამხედროები შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ქვეყანას.
“საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი:
“ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში“, – წერს ღარიბაშვილი.
ავღანეთის ომი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტია. პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლის 26 სექტემბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან სულ რაღაც 15 დღეში გამოჩნდნენ. სამხედრო მოქმედებების პიკში ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობდა. ამჟამად კი ავღანეთში მხოლოდ 2500 ამერიკელი სამხედროა დარჩენილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ უკანასკნელი ამერიკელი სამხედრო ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბერს დატოვებს. ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა. 2020 წლის შეთანხმებით, ამერიკელებს ავღანეთი 2021 წლის პირველი მაისისთვის უნდა დაეტოვებინათ.
საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო ნატო-ს მისიაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა მასში.
ქვეყანა დღემდე ამ მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და ავღანეთში 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.