ალიევი ნახიჩევანის მომავალზე: ინდუსტრიული პარკი, ენერგეტიკული პროექტები და ზანგეზურის დერეფანი
ილჰამ ალიევის ვიზიტი ნახიჩევანში
11 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვივნენ. ეს ალიევის მე-17 ვიზიტი იყო ნახიჩევანში პრეზიდენტის პოსტზე მისი მოსვლის შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ობიექტი გაიხსნა და ახალი პროექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ხოლო სამხედრო დანაყოფებს საბრძოლო დროშები გადაეცათ. ალიევმა ასევე მოინახულა ისტორიული ძეგლები და ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას გაეცნო.
ვიზიტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის, AzTV-სთვის მიცემული ინტერვიუთი დასრულდა. საუბარში ალიევმა ნახიჩევანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმებზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, თავდაცვით შესაძლებლობებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნახიჩევანის მომავალ როლს აზერბაიჯანის რეგიონულ სტრატეგიაში – ყარაბაღთან და აღმოსავლეთ ზანგეზურთან ერთად.
ახალი ინდუსტრიული პარკი და ენერგეტიკული პროექტები
ვიზიტის დროს ილჰამ და მეჰრიბან ალიევებმა ნახიჩევანში შამს-1-ისა და გარბი უფუგის მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს. ორი სადგურის ჯამური სიმძლავრე 50 მეგავატია.
ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა ნახიჩევანის ინდუსტრიული პარკის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია. ფართობის მიხედვით, პარკი აზერბაიჯანში სიდიდით მეორე იქნება სუმგაიტის ინდუსტრიული პარკის შემდეგ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 300 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას. ამჟამად ნახიჩევანის მთლიანი გენერაციის სიმძლავრე დაახლოებით 200 მეგავატია. ახალი სადგურის ამოქმედების შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა DOST-ის ნახიჩევანის რეგიონული ცენტრი და გაიმართა ახალი ელექტროავტობუსების პრეზენტაცია. ალიევმა ასევე დაათვალიერა რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის სამუშაოები.
დაიწყო ახალი სასტუმრო კომპლექსისა და სოციალური საცხოვრებლების მშენებლობაც. სასტუმროს დასრულება დაახლოებით 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
პრეზიდენტმა მოინახულა მომინე ხათუნის მავზოლეუმის აღდგენითი სამუშაოები და გახსნა არქიტექტორ აჯამი ნახიჩევანის ძეგლი.
ნახიჩევანის ახალი გენერალური გეგმა
ალიევს წარუდგინეს ნახიჩევანის განვითარების გენერალური გეგმა 2044 წლამდე. დოკუმენტი ქალაქის გაფართოებასა და მოსახლეობის ზრდას ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნახიჩევანი, აღმოსავლეთ ზანგეზური და ყარაბაღი ერთიანი განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა განვითარდეს.
მისი თქმით, სამივე ტერიტორიის გეოგრაფიული სიახლოვე განვითარების მიმართ ერთიან მიდგომას მოითხოვს. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასული ტერიტორიებისთვის ქალაქების გენერალური გეგმები უკვე დამტკიცებულია.
თავდაცვა
AzTV-სთან ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, რომ ნახიჩევანის გეოგრაფიული მდებარეობა და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ რეგიონს აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი არ აქვს, თავდაცვის საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მისი თქმით, ბოლო წლებში ნახიჩევანში შეიქმნა ცალკე შერეული შეიარაღებული არმია და ახალი კომანდოს დანაყოფები.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს რეგიონში წონა აქვთ“, — განაცხადა ალიევმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნახიჩევანში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლობის სისტემის ამოქმედებაზე. მსგავსი მმართველობის მოდელი, მისი თქმით, ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურშიც მოქმედებს.
მზის ენერგია და ელექტროენერგიის ექსპორტი
ალიევის განცხადებით, ნახიჩევანი დაახლოებით 15 წელია სრულად გაზიფიცირებულია. ამის შესაძლებლობა ირანთან გაზის გაცვლის შეთანხმებამ შექმნა.
თუმცა, პრეზიდენტის ყურადღების მთავარი საგანი მზის ენერგია იყო. მისი თქმით, ნახიჩევანი აზერბაიჯანში მზის ენერგიის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი რეგიონია.
ამ მიზნით უკვე გამოყოფილია 600 ჰექტარზე მეტი მიწა. არსებული შეფასებით, რეგიონის მზის ენერგიის პოტენციალი მინიმუმ 500 მეგავატია, თუმცა შესაძლოა 1 გიგავატსაც მიაღწიოს.
ალიევმა აღნიშნა, რომ მზის ენერგიის სექტორში კერძო კომპანიების როლიც იზრდება და უკვე მიმდინარეობს 50 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების პროექტები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად დაასახელა. ამჟამად ნახიჩევანიდან ელექტროენერგიის ძირითადი მიმართულებები ირანი და თურქეთია, თუმცა ბაქო მომავალში ევროპის ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.
ზანგეზურის დერეფანი და TRIPP
ალიევმა ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ზანგეზურის დერეფანს და მის განვითარებას.
მისი თქმით, დერეფნის შექმნა აზერბაიჯანის ინიციატივა იყო და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა ნახიჩევანთან დაკავშირებას.
ალიევის განცხადებით, მან მოითხოვა, რომ ეს საკითხი ასახულიყო 2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში.
მისივე თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საკითხზე პრაქტიკული პროგრესი ვერ იქნა მიღწეული.
ალიევმა განაცხადა, რომ ვითარებაში გარდატეხა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მოხდა, როდესაც TRIPP-ის („ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი დაიწყო.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ჰორადიზ-აღბენდის გზატკეცილის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ მცირე ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი. მისი თქმით, სწრაფად მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობაც.
ასევე მომზადებულია ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი, რომელიც აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დააკავშირებს. ალიევის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების კოშკების განთავსების ადგილებიც უკვე განსაზღვრულია.
პრეზიდენტის შეფასებით, ამ პროექტების განხორციელება ნახიჩევანს მომავალში რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ცენტრად აქცევს.
ტურიზმი: ისტორიული მემკვიდრეობა და ახალი სასტუმროები
ალიევმა ნახიჩევანის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონს ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს: მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნება და სუფთა ჰაერი.
ამასთან, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არასაკმარისია. განსაკუთრებით პრობლემურია სასტუმროების რაოდენობა და მათი მომსახურების სტანდარტი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მისი თქმით, ქალაქის ცენტრში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის დასრულება დაახლოებით 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
ალიევმა განაცხადა, რომ ნახიჩევანის განვითარება მხოლოდ ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას არ გულისხმობს. მისი თქმით, რეგიონის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება უფრო ფართო სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ნახიჩევანს აზერბაიჯანის რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო სისტემაში უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს.