რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თავის არშემდგარ მკვლელს ესაუბრა
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ ვინმე კონსტანტინ კუდრიავცევთან სატელეფონო საუბრის ვიდეო და ტექსტი გამოაქვეყნა. ეს ადამიანი, ნავალნის თქმით, იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 8 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მას ყველგან დაჰყვებოდა.
აგვისტოში მათ სცადეს ნავალნის მოკვლა მომწამვლელი საშუალება “ნოვიჩოკის” გამოყენებით.
ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ამ 8 ადამიანის იდენტიფიცირება ისეთმა ავტორიტეტულმა მედიასაშუალებებმა ჩაატარეს, როგორიცაა Der Spiegel, CNN, The Insider, El Pais. მათ ამ გამოძიების შედეგები ერთდროულად ერთი კვირის წინ გამოაქვეყნეს.
- ფოტორეპორტაჟი რუსული სოფლიდან, სადაც „ნოვიჩოკს“ აწარმოებდნენ
- რას უნდა ველოდოთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?
გამოძიება ამტკიცებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, FSB-ს ოფიცერთა ჯგუფი ნავალნის ყველგან დაჰყვებოდა და მისი მოკვლა სულ მცირე ორჯერ სცადა.
ნავალნი ირწმუნება, რომ ამ გამოძიების გამოქვეყნების დღეს მან და მისმა თანამოაზრეებმა სავარაუდო მკვლელობის მცდელობის 8 მონაწილეს დაურეკეს.
თავად ნავალნი ესაუბრა ერთ-ერთ მათგანს, სამხედრო ქიმიკოსს და FSB- ს ოფიცერს კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევს თანაშემწედ გააცნო. ზარი განხორციელდა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც ტელეფონის ნომრებს ცვლის- ნამდვილის ნაცვლად FSB-ს ნომერი იქნა გამოყენებული, რის გამოც ნავალნის თანამოსაუბრეს ეჭვი არაფერზე აუღია.
ნავალნიმ კონსტანტინ კუდრიავცევს სთხოვა გაეანალიზებინა, თუ რა შეცდომები დაუშვეს მკვლელობის მცდელობის დროს. კუდრიავცევმა საუბრისას ნავალნის სათვალთვალო და მკვლელობის მცდელობები დაადასტურა.
ნავალნი ირწმუნება, რომ ამ ჩანაწერის ნამდვილობას მარტივი სასამართლო ექსპერტიზა დაადასტურებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ნავალნის მიერ გამოქვეყნებულ მასალას “დაგეგმილი პროვოკაცია” უწოდა.