ვის სურდა ნავალნის მოკვლა? საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა შემსრულებლების ვინაობა დაასახელა
ცნობილი საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat აცხადებს, რომ აგვისტოში რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის ყველა გარემოება და დამნაშავეთა სახელები დაადგინა.
ეს დასკვნები გადამოწმებულია და დადასტურებულია ისეთი მედიასაშუალებების მიერ, როგორიცაა CNN, Der Spiegel, The Insider – ყველა მათგანმა ეს მასალა გამოაქვეყნა.
- „ნოვიჩოკი“ – დასავლური ბრენდი, გერმანია და საფრანგეთი – ანტირუსული კოალიცია – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
- ფოტორეპორტაჟი რუსული სოფლიდან, სადაც „ნოვიჩოკს“ აწარმოებდნენ
- ნავალნის მკვლელობის მცდელობა: საეჭვო დამთხვევები
9 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ომსკიდან მოსკოვში ფრენისას თვითმფრინავის ბორტზე კომაში ჩავარდა. სამი დღის შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანელი ქიმიკოსების დასკვნით, ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური საბრძოლო ნივთიერებით მოიწამლა. ეს დასკვნა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.
ალექსეი ნავალნის თქმით, გამოძიების საფუძველი გახდა მასალები, რომლებითაც სამართალდამცავი ორგანოები რუსეთში თავისუფლად ვაჭრობენ – მონაცემები მობილური ტელეფონების მფლობელებს შორის საუბრების შესახებ და ავიარეისების მგზავრთა პირადი მონაცემები.
ამ მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, რუსეთში ნავალნის ყველა მოგზაურობის დროს, მას თან ახლდა ერთი და იგივე ადამიანთა ჯგუფი. ყველა მათგანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, რომლებიც მუდმივ კონტაქტში იყვნენ უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. თვალთვალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
ამ ხნის განმავლობაში ნავალნისა და მისი მეუღლის იულიას მკვლელობის სამი მცდელობა განხორციელდა. პირველი ორის სიმპტომები იგივეა, რაც ბოლო მცდელობისას, მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმით.
ალექსეი ნავალნი მიიჩნევს: ”ამ მასშტაბის და ხანგრძლივობის ოპერაცია არავის შეეძლო დაეგეგმა, ФСБ– ის ხელმძღვანელის, ბორტნიკოვის გარდა და ის ამას ვერასდროს გაბედავდა პუტინის ბრძანების გარეშე. მე ვადასტურებ – პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, ФСБ -ს ოფიცრებმა ტერორისტული აქტი მოაწყვეს”.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა გერმანიაში, შვედეთსა და საფრანგეთში მდებარე ლაბორატორიების დასკვნები აკრძალული ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენების შესახებ. ამის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა.