აფხაზეთში რესტორანში სროლის გამო გათავისუფლებული გამგებელი თანამდებობაზე დააბრუნეს
ჩინოვნიკი, რომელმაც აფხაზეთში რესტორანში ისროლა, თანამდებობას დაუბრუნდა
აფხაზეთში თანამდებობაზე დააბრუნეს ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, რომელიც ახალი წლის ღამეს, რესტორანში სროლის გამო იყო გათავისუფლებული. როგორ დასრულდა ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება, საზოგადოებისთვის უცნობია.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ბესლან ბიგვავა ხელახლა დაინიშნა.
ბიგვვავა თანამდებობიდან 4 იანვარს გაათავისუფლეს. მაშინ ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. თუმცა, ცნობილია, რომ ბიგვავა პირველი იანვრის ღამეს სოხუმში, რესტორან „გარუდაში“ მომხდარი სროლის მონაწილე იყო.
დედაქალაქის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე აღძრა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში მომხდარის არაერთი ვერსია განიხილებოდა. ყველა ეხებოდა იმას, რომ ბიგვავამ, რომელიც რესტორანში ახალ წელს აღნიშნავდა, რესტორანში ცეცხლი გახსნა და ადამიანი დაჭრა.
მაშინ რაიონის უფროსის მხარდასაჭერად ბევრი მიმართვა დაიწერა და აქციაც კი დაიგეგმა.
როგორ დასრულდა სისხლის სამართლის საქმე, უცნობია. საგამოძიებო ორგანოებს ამ თემაზე საჯაროდ არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
სროლა შედეგებით
ახალი წლის ღამის ინციდენტი, აფხაზეთში მაღალჩინოსნების მონაწილეობით მომხდარი სროლის პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 30 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც აფხაზეთი 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების მორიგ წლისთავს აღნიშნავდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გარი კოკაიამ ქალაქის ცენტრში ქეიფის შემდეგ პისტოლეტით ჰაერში გახსნა ცეცხლი.
შემთხვევის დროს, იქვე ახლოს აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მინისტრ დიმიტრი დბარის ხელმძღვანელობით, სროლაზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მსროლელის განიარაღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა დეპუტატი და მისი მეგობრები სცემეს.
აფხაზეთის საზოგადოებამ ნაცემი დეპუტატის მხარე დაიჭირა. ინციდენტმა მასობრივი პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც შსს-ს ხელმძღვანელს სკამის ფასად დაუჯდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო