აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე “საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის” ბრალდებით დააკავეს.
აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან დევნილი თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალს არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ზუგდიდში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თაკალანძის მიზანი აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემა იყო. უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს თაკალანძის პირადობის მოწმობა, საკრედიტო და სხვა ტიპის ბარათები და წერილი წარწერით: “სადმე თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში ეს წამალი მომიტანე…”.
თაკალანძეს დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს).
“ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.” – წერია განცხადებაში.