აფხაზეთში პანდემიის გამო სკოლები ისევ დაიხურა
აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კვლავ გაგრძელდა, ამჯერად 2021 წლის 12 იანვრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიხურება სკოლები, რომლებმაც ახალ სასწავლო წელს სულ რაღაც ერთი თვე იმუშავეს.
ამასთან, განათლების სამინისტრომ კვლავ ვერ მოახერხა ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების სახით ალტერნატივის შეთავაზება.
26 ნოემბერს, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 265 შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამი ადამიანი გარდაიცვალა. სულ, პანდემიის დაწყებიდან 5 732 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 77 გარდაიცვალა, 3 611 – გამოჯანმრთელდა.
კარანტინის დროს დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება, თეატრები და სპორტული დაწესებულებები. ყველა მაღაზია აგრძელებს მუშაობას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავალდებულოა ნიღბების ტარება სახლის გარეთ ყველგან.
გასული სასწავლო წლის ბოლო სამი თვეც აფხაზეთში კარანტინში მოყვა და გაკვეთილები არ ტარდებოდა.
აფხაზეთში ბევრი ამბობს, რომ სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკული გახდა.
2020 წლის ზაფხულში, განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ აფხაზურ დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ სკოლის მოსწავლეებისთვის საკმარისი რაოდენობით პლანშეტების შეძენაში, რათა მოხერხებულიყო დისტანციური სწავლების ორგანიზება.
თუმცა, ინიციატივამ განსაკუთრებული გამოხმაურება ვერ ჰპოვა.
მხოლოდ რამდენიმე სკოლაში და ისიც არასრულად, თვითონ მასწავლებლების ძალისხმევით მოხერხდა დისტანციური სწავლების ორგანიზება.
შექმნილი ვაკუუმის შევსებას ზოგიერთი მშობელი რეპეტიტორებთან კერძო გაკვეთილებით ცდილობს. მაგრამ ეს ხელმისაწვდომია მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის.
სოციალურ ქსელებში მშობლები ჩივიან, რომ განათლება თვითდინებაზეა მიშვებული. განათლების მინისტრ ინალ გაბლიას კი მთავრობის ყველაზე წარუმატებელ საკადრო გადაწყვეტილებას უწოდებენ.
ექსპერტების ნაწილი გამოდის ინიციატივით, უბრალოდ სასწავლო წლის ანულირება მოხდეს და დაიწყოს ათვლა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელი იქნება ნორმალური სასწავლო პროცესის განახლება.