აფხაზეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ ახალგაზრდა მმართველების კონკურსის ფინალისტები — ინიციატივა, რომელიც ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოიწყო.
“აფხაზეთის გუნდის“ სახელით ცნობილ კონკურსში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3000-მა ადამიანმა, ფინალში კი 22 გავიდა. ფინალისტები ძირითადად საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეები იყვნენ.
გამარჯვებულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას ესწრებოდა თავად ბადრა გუნბაც, რომელმაც “სამთავრობო პოსტები“ პირადად გადასცა გამარჯვებულებს.
კერძოდ:
იათირ აჟიბა გახდა მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსი,
ბატალ მუშბა – ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი,
აფსირტ ცვიჟბა – ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსი.
რაც შეეხება თავად კონკურსის ხელმძღვანელს, ტარაშ ხაგბას, მისი ძალისხმევა დაჯილდოვდა ვიცე-პრემიერის თანამდებობით და მას დაევალა ახალგაზრდული პოლიტიკის კურატორობა.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ახალი მთავრობის ფორმირების იდეა კონკურსის გზით, ძირითადად, დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ხალხი უკვე დაიღალა ერთსა და იმავე ადამიანთა ყურებით ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ კონკურსმა ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს კარიერული წინსვლის შანსი და საკუთარი თავის წარმოსაჩენი შესაძლებლობა მისცა.
ამასობაში, ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა “რესპუბლიკა“ ირონიის გარეშე ვერ გაატარა ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის გვერდის ავლა — არხმა აღნიშნა, რომ ისინი კონკურსში არ მონაწილეობდნენ და გამჭვირვალე მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ბჟანია და ანქვაბი ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო