ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო აფხაზეთში შეზღუდვები ბრუნდება
აფხაზეთში დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირებულთა ახალი რეკორდი დაფიქსირდა – დიაგნოზი 52 ადამიანს დაუდასტურდა. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ოქტომბრის თვიდან მთავრობა კვლავ შემზღუდავი ზომების დაწესებას აპირებს.
წინა რეკორდი 3 სექტემბერს დაფიქსირდა – 42 ადამიანი.
პანდემიის მთელ პერიოდში შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 726 ადამიანი შეადგინა. აქედან 192 გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, პანდემიის დროს 7 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.
• აფხაზეთში, კორონავირუსის აფეთქებაა მას შემდეგ, რაც იქ რუსი ტურისტები ჩავიდნენ
• რუსი ტურისტების რიგი აფხაზეთში, იქ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, ინფექციის მიზეზი პაციენტებთან კონტაქტია. იმ შემთხვევების წილი, რომლებიც იმპორტირებულია გარედან, მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 10% -ს შეადგენს.
როგორც ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა, 30 სექტემბრის შემდეგ აფხაზეთში შემზღუდავი ზომები აღდგება.
კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, იქედან გამომდნარე, რასაც მთავრობაში საუბრობენ, დროებით აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის ქორწილები და ქელეხები.
შემთხვევათა მკვეთრი ზრდის გამო, შემდეგი თვის განმავლობაში აფხაზეთში COVID-19 დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ 100 საწოლს დაამატებენ.