რუსი ტურისტების რიგი აფხაზეთში, იქ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე
1 აგვისტოს საღამოდან აფხაზეთმა გახსნა რუსეთთან შესასვლელი და გასასვლელი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ადამიანებს იმის ცნობასაც კი არ სთხოვენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.
რუსეთშიც და აფხაზეთშიც ივლისში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გრძელდებოდა.
რუსეთის საზღვართან 1 აგვისტოს დილიდან უზარმაზარი რიგი დადგა.
საზღვარი ჩაკეტილი იყო 2020 წლის მარტის ბოლოდან, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნა, ვინაიდან უმრავლესობისთვის რუსი ტურისტების ჩასვლა შემოსავლის ძირითადი წყაროა.
აფხაზეთთან საზღვრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა თქვა, რომ აფხაზურმა მხარემ საზღვარი „სიმეტრიულად“ გახსნა.
„ეს საკითხი დიდხანს განიხილებოდა და საერთო აზრამდე მივედით“, – თქვა ანქვაბმა.
აფხაზეთში პანდემია ზაფხულის დასაწყისში რამდენიმე კვირით შეჩერდა. თუმცა 2020 წლის 20 ივლისის შემდეგ კვლავ დაიწყო ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა. მთლიანად, პანდემიის დასაწყისიდან დაინფიცირდა 84 ადამიანი, მათგან 2 გარდაიცვალა, 37 გამოჯანმრთელდა.
რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა – 845 443 შემთხვევით, 2020 წლის პირველი აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით. მათგან 14 058 ადამიანი გარდაიცვალა.
თუმცა ექიმები და აქტივისტები რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ ამბობენ, რომ სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია.
•„ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
• „37.5 მაქვს, რა გავაკეთო?“ – მოსკოვში, კორონავირუსის სამკურნალოდ – ფული და კავშირებია საჭირო
•აფხაზეთში რუსეთთან საზღვრის გახსნას მოითხოვენ, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი იზრდება