თეა წულუკიანი პრეზიდენტს აკრიტიკებს: ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო
თეა წულუკიანი პრეზიდენტს აკრიტიკებს
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას და მთლიანად ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დროს, ხელი შეუშალა.
“ზურაბიშვილმა, რომელიც იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს სალომე ზურაბიშვილმა “ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება” და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს “ომი დაუწყია” და ქართული ჯარი დაადანაშაულა:
“რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით.”
წულუკიანი ამბობს, რომ არ ახსენდება პრეზიდენტისგან შემოთავაზებული არც ერთი დახმარება, როდესაც ის, როგორც იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფოს წარმომადგენელი მხარე სტრასბურგში იცავდა ქართველი ჯარისკაცის, პროკურორის, პოლიციის და “ყველაფრის ინტერესს.” წულუკიანი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილისგან ხელის შეშლის მეტი არაფერი ახსენდება.
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში კულტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი დავის შესახებ, რომელიც საქართველომ სტრასბურგში წააგო, “სწორედ ერთ-ერთი აქაური ცნობადი სახის საჯარო განცხადების გამო.” თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობს “ცნობად სახეში” ან რომელ დავაზეა საუბარი.
ამ წლის მარტში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ 26 მაისს, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით სირცხვილია და პრობლემაა, რომ “პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.”
საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას” სათანადოდ ვერ აგრძელებს. მისივე თქმით, ევროპის გზაზე რეალური შანსის გაშვებას საზოგადოება, თაობები “არ გვაპატიებენ.”
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია და პრეზიდენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
15 მარტს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ აქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია და ამის გამო მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ. კონსტიტუციის დარღვევებში შედის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ემანუელ მაკრონთანაც, რომელიც თებერვალში შედგა.
საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით საკონსტიტუციო სასამართლოში ეჩივლათ. მმართველი გუნდის უკმაყოფილება პრეზიდენტის ყოველწლიურმა საპარლამენტო მოხსენებამ გამოიწვია.
ზურაბიშვილი პარლამენტში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა და თან ჰქონდა უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. ზურაბიშვილმა დეპუტატებს ფეხზე ადგომა და მათი ყურება მოსთხოვა. თავის გამოსვლაში მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებული თავშეკავებული პოლიტიკის გამო.
რამდენიმე დღის წინ, უკვე სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში. პრეზიდენტის თქმით, ეს მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას არღვევს კონკრეტულად უმრავლესობა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციაში ვერ დავწინაურდეთ, რაც ” კონსტიტუციის დარღვევაა.”