არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეფორმების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს
რეფორმების 12-პუნქტიანი გეგმა
22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა ევროკავშირის კანდიდატობისთვის რეფორმების 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის ბოლომდე მარტივად განხორციელებადია.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
რა წერია სამოქმედო გეგმაში. ძირითადი პუნქტები:
დეპოლარიზაცია
ევროკავშირის რეკომენდაციის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა წარმოადგენს. ორგანიზაციების განმარტებით, ამ პირობის შესრულება პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლის თავმჯდომარედ დანიშვნითაა შესაძლებელი.
ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ამ 5 კომიტეტს შორის, ორი სავალდებულოდ უნდა იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დანარჩენი სამი კი, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, განისაზღვრება ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით.
სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება
გეგმა ამ მოთხოვნას 19 აპრილის შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეყრდნობა. არასამთავრობოების შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები უნდა აირჩნენ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით.
ისინი აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა და მისი წარდგენა პარლამენტში უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.
სასამართლო რეფორმა
ხელმომწერი ორგანიზაციები სასამართლო რეფორმისთვის რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯებს სახავენ:
1) მიიღონ და განახორციელონ სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა.
2) განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა.
3) დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები.
4) შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. 5) გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა. 6) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
ანტიკორუფციული სააგენტოების გაძლიერება
არასამთავრობოები ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი ხედვით, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება.
დეოლიგარქიზაცია
ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ნაწილში, ორგანიზაციები თვლიან, რომ არსებული გეგმის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა პირობის შესრულება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირებას ავტომატურად გამოიწვევს.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
“ამ მხრივ დამატებითი ინიციატივა საჭირო არ არის” – არასამთავრობოები თვლიან, რომ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს მხოლოდ პრაქტიკის გაუმჯობესებას.
დამოუკიდებელი და უსაფრთხო მედია
არასამთავრობოები ხელისუფლებას კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პროკურატურამ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა განაახლოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ.
საზოგადოების ჩართულობა
განცხადების ავტორები გამოსავალს ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატის უფრო ეფექტიანად ამუშავებაში ხედავენ:
“მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.”