პრორუსი მამუკა ფიფია: რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის შესაძლო შეზღუდვაზე მსჯელობენ
პრორუსი მამუკა ფიფია
ღიად პრორუსული პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია რუსულ პროპაგანდისტულ არხ Соловьёв LIVE-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის საქმიანობის შეზღუდვის საკითხი განიხილება.
ფიფიას თქმით, საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში “რუსოფობიასთან” ერთად ანტირუსულ და ანტისამთავრობო აქციებს აფინანსებენ.
მისი განცხადებით, ინიციატივა ქართველ “მშრომელთა“ მოთხოვნას უკავშირდება. ფიფია ამტკიცებს, რომ აღნიშნული კომპანიები რუსეთში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოიმუშავებენ, ხოლო შემდეგ ამ თანხებს საქართველოში სხვადასხვა საპროტესტო აქტივობის მხარდასაჭერად მიმართავენ.
ამავე დროს, ფიფიამ აღნიშნა, რომ საუბარია ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ათასობით სამუშაო ადგილს ქმნიან, თანამშრომლობენ ფერმერებთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში.
მოგვიანებით, “რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ კომპანიების სია სხვადასხვა დონეზე უკვე განხილულია და საზოგადოებას მოუწოდა, დაელოდონ ოფიციალურ განცხადებას.
ფიფიას თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს, რომ რუსეთში მიღებული შემოსავალი რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
“რუსეთი ამ ბერკეტებს უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენებს, ამიტომ საჭიროა გადაწყვეტილებების რაც შეიძლება სწრაფად მიღება და საერთო ენის გამონახვა“, – თქვა მან.
Соловьёв LIVE-ის ეთერში ფიფიამ პარალელი სომხეთთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ კრემლი ანალოგიურ მიდგომას ერევნის მიმართაც იყენებს. ამ კონტექსტში მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებები და სომხეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა.
ცოტა ხნის წინ, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სომხეთის ფინანსურ მხარდაჭერას. ამასთან, რუსული მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი.
ვინ არის მამუკა ფიფია
მამუკა ფიფია არის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და პრორუსული პოლიტიკური გაერთიანების “სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. ბოლო წლებში ის აქტიურად გამოდის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის, პირდაპირი დიალოგისა და დიპლომატიური ურთიერთობების განახლების მხარდამჭერი განცხადებებით.
ფიფია განსაკუთრებით ცნობილი გახდა 2023 წლის შემდეგ, როდესაც საჯაროდ ჩაერთო ქართულ პოლიტიკურ დისკუსიებში. მედიის ცნობით, ის დაკავშირებულია რუსეთში მოქმედ პოლიტიკურ და ბიზნესწრეებთან, მათ შორის რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან.

მისი პოლიტიკური პლატფორმა მოითხოვს:
- საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას;
- ორ ქვეყანას შორის “სტრატეგიული თანამშრომლობის“ განვითარებას;
- დასავლეთის შუამავლობის გარეშე პირდაპირ დიალოგს მოსკოვთან.
2024-2026 წლებში ფიფია არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სახელმწიფო და პროკრემლისტურ მედიაში, სადაც აცხადებდა, რომ “რუსეთი იყო, არის და იქნება უსაფრთხოების გარანტი რეგიონში“ და აკრიტიკებდა საქართველოს დასავლურ კურსს.
მამუკა ფიფია დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრორუსული პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, რომელიც ღიად უჭერს მხარს მოსკოვთან დაახლოებას და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის გადახედვას.